მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კონტრაბანდული საწვავი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის - ვახტანგ იობაშვილი

63c131529c32c
გიგა ბენია
13.01.23 14:50
1388
„აღურიცხავი საწვავი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის“, - ამის შესახებ bm.ge-ს „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“ განუცხადეს. კავშირის თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, საქართველოში თვეში 4-ათასამდე ტონა კონტრაბანდული დიზელი ხვდება.

„დღესდღეობით, თურქეთიდან რუსეთში, საქართველოს გავლით, ბევრი რაოდენობის ტრაილერი დადის. მძღოლები რუსეთში იაფ საწვავს ყიდულობენ, უკან დაბრუნებულზე კი ქართულ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე მაღალ ფასში ყიდიან. რუსეთიდან საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის გავლითაც შემოდის. მეორე სქემა კი ასეთია: აზერბაიჯანიდან მომავალ სამგზავრო ავტობუსებში დამონტაჟებულია სპეციალური ავზები, რომლებშიც დაახლოებით 3-ტონამდე საწვავი ასხია. ამასთან, ლაგოდეხის მცხოვრებლებს აზერბაიჯანიდან ე.წ. კანისტრებით გადმოაქვთ საწვავი, რომლებსაც სოფლებში ყიდიან“,- აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კონტრაბანდის აღმოსაფხვრელად ფინანსთა სამინისტროს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. კერძო სექტორი სატრანზიტო ტრაილერების შემოწმებას ითხოვს.

„საჭიროა ფინანსთა მინისტრის განკარგულება და დაიწყოს სატრანზიტო ტრაილერების შემოწმება. უნდა დაფიქსირდეს რა რაოდენობის საწვავით შემოდის ტრაილერი საქართველოში. მანქანები ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის დროს უნდა მოწმდებოდეს. თუ საჭირო გახდება, ტრანსპორტი კონფისკაციას უნდა დაექვემდებაროს“,-აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი.

იმის გასაგებად, რას აკეთებს მთავრობა პრობლემის აღმოსაფხვრელად ან რა მოცულობის კონტრაბანდული საწვავი აღმოაჩინეს საგამოძიებო უწყებებმა გასულ წელს, bm.ge-მ ოფიციალური წერილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები