PMC-ს ინფორმაციით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში სასტუმროები გაიაფდა, შარშანდელთან შედარებით კი გაძვირდა.
ფასების ინდექსი 2024 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, 7.2%-ით არის შემცირებული, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.4%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 168 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო - 261 ლარი იყო. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა კი 115 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასს, ოქტომბერში 444 ლარი იყო. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 609 ლარი შეადგინა, გურიაში - 555 ლარი, კახეთში - 517 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 370 ლარი.
წლიურ ჭრილში ანუ 2023 ოქტომბერთან შედარებით სასტუმროებზე ფასი თითქმის 10%-ით არის გაზრდილი.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%- ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%ს (456 ობიექტი). 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გადაანგარიშებით.