მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოში $286 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა - ქვეყნების რეიტინგი

ფულადი გზავნილები

2026 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ, წინასწარი მონაცემებით, 286 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეს 2025 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 10.1%-ით, ანუ 32 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

ქვეყნების მიხედვით, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ აშშ-დან განხორციელდა. ოქტომბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 63.39 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც წლიურად 6.23%-ით მეტია.

მეორე ადგილზე იტალია იყო, საიდანაც 53.97 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 0.16%-ით შემცირდა. მესამე პოზიციას გერმანია იკავებს 30.64 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.83%-იანი ზრდაა.

ტოპ ხუთეულში ასევე შედიან საბერძნეთი, საიდანაც 27.57 მლნ აშშ დოლარი (6.02%-იანი ზრდა), და ისრაელი, საიდანაც 26.3 მლნ აშშ დოლარი (13.12%-იანი ზრდა) ჩაირიცხა.

განსაკუთრებით მკვეთრი კლება რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებულ გზავნილებში დაფიქსირდა. ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 7.86 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 80.1%-ით ნაკლებია. თუმცა სავარაუდოდ, ნოემბრიდან რუსული ფულადი გზავნილები აღარ იქნება ასე მკვეთრად შემცირებული, რადგან გასული კვირის ბოლოდან საქართველოში Zolotaya Korona-მ საქმიანობა აღადგინა. გზავნილების აღნიშნული სისტემა მისი შუამავალი პროვაიდერის სანქცირების გამო, სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ოპერირებდა.

# ქვეყანა ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი) ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი
1 აშშ 63.39 6.23%
2 იტალია 53.97 -0.16%
3 გერმანია 30.64 2.83%
4 საბერძნეთი 27.57 6.02%
5 ისრაელი 26.3 13.12%
6 თურქეთი 11.34 10.37%
7 რუსეთის ფედერაცია 7.86 -80.10%
8 ესპანეთი 7.37 -4.04%
9 გაერთიანებული სამეფო 6.53 10.28%
10 საფრანგეთი 5.88 -3.60%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები