მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია და მას ახლოდან დავაკვირდებით - მაიკლ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია და მას ახლოს დააკვირდებიან. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

კარპენტერი იმედოვნებს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ის ასევე საუბრობს საკითხებზე, რომლებსაც შემაშფოთებლად აფასებს. მათ შორის აღნიშნავს, რომ განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დემოკრატიის ნორმებს ეწინააღმდეგება.

"შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით... ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.

არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს]. თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება",- განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის, შევიწროების, დაშინების და "აგენტების კანონის" მიხედვით დარეგისტრირების იძულება, შემაშფოთებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები