საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, წვლილი შეიტანოს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაში. მან პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში იმედი გამოთქვა, რომ შემხვედრი ნაბიჯები იქნება.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება; ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
შეგახსენებთ, აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციების მიზეზად დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და თავისუფლების შეზღუდვა დასახელდა. დაანონსდა ისიც, რომ თუ საქართველოში სიტუაცია არ გამოსწორდება, ამას მოჰყვება დამატებითი ზომებიც.