2023 წლის I ნახევარში შიდა ვიზიტების რაოდენობამ 9.2 მილიონს მიაღწია, რაც 15%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით შიდა ვიზიტები 38%-ით არის გაზრდილი.
განსხვავებით შიდა ვიზიტებისგან, 2023 წლის I ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რიცხვი ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდელ რაოდენობას.
PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, ადგილობრივი ვიზიტორების განაწილება მონახულებული რეგიონების მიხედვით წინა პერიოდების მსგავსი იყო. შიდა ვიზიტორებისთვის ძირითადი დანიშნულების ადგილი იყო თბილისი (მთლიანი ვიზიტების 24%), რასაც მოსდევდა იმერეთი
(18%) და აჭარა (10%).
რაც შეეხება მიზნობრიობას, ვიზიტების ძირითადი მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება (48%) იყო, რასაც მოჰყვებოდა საყიდლები (18%) და მეორე სახლის (მაგალითად, აგარაკის) მონახულება (10%).
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის I ნახევართან შედარებით, იმ ვიზიტორთა წილი, რომლებმაც საყიდლები ვიზიტის მთავარ მიზნად დაასახელეს, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და გადააჭარბა მეორე სახლის მონახულების მაჩვენებელს. შიდა ვიზიტორების ხარჯებმა 1.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდს 14%-ით აღემატება.
თუმცა, შიდა ვიზიტორების დანახარჯების ზრდა ჩამორჩება საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯების ზრდას, რომელიც 2023 წლის I ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%-ით გაიზარდა.
ხარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია. მთლიან დანახარჯებში ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა საყიდლების (36%), საკვების/სასმლის (23%) და ტრანსპორტის (21%) დანახარჯებმა.