2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ევროკავშირში 77 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39 მილიონი დოლარით, ანუ 33%-ით ნაკლებია. შედეგად, ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 9.6%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასულ წლის ამ პერიოდში 12.6%-ს შეადგენდა.
ევროკავშირში ექსპორტის შემცირების უმთავრესი მიზეზი სპილენძის მადნების ექსპორტში არსებული ვარდნაა. თუკი 2023 წლის იანვარ-თებერვალში ამ საქონლის ევროკავშირში ექსპორტი 51 მილიონი დოლარი იყო, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა $0 შეადგინა. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სპილენძის მადნების ექსპორტი არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ფაქტობრივად განულდა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ამ საქონლის ექსპორტის მოცულობა 143 მილიონი დოლარი იყო, წელს კი მან მხოლოდ 5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 99.999%-იან შემცირებას წარმოადგენს.
რაც შეეხება სხვა საქონელს, ევროკავშირში სპილენძის მადნებთან ერთად 20%-ით შემცირდა თხილის და სხვა კაკლის ექსპორტი, რამაც 7.8 მილიონი დოლარი შეადგინა. სანაცვლოდ კი გაზრდილია აზოტოვანი სასუქების გაყიდვები, რომელიც წინა წლებში ფაქტობრივად არ ხორციელდებოდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა ევროკავშირში ნავთობრპოდუქტების ექსპორტიც.
2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ევროკავშირში გასული საქონლის TOP-5:
- აზოტოვანი სასუქები - 13.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1 826 000%;
- თხილი და კაკალი - 7.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 20%;
- ფეროშენადნობები - 5.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1,040%;
- სპირტიანი სასმელები - 4.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით 32%;
- ნავთობპროდუქტები - 4.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 2,318%.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ორი თვის მდგომარეობით ექსპორტის მიმართულებით ქვეყნების ჯგუფები ასე ნაწილდება - ევროკავშირი - 9.6%; დსთ-ს ქვეყნები 66.4%, სხვა ქვეყნები 24%.