ორ წელიწადში ერთხელ მესმის, რომ საქართველოს ფოსტა იყიდება, შემდეგ კი ამ კომპანიას მყიდველს ვერ უძებნიან - ასე გამოეხმაურა PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი “საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო კომპანია ეტაპობრივად უნდა გასხვისდეს და კონკრეტული დაინტერესებული ინვესტორები უკვე არსებობენ.
გიორგი ხიშტოვანი bm.ge-სთან ამბობს, რომ ზოგადად ზარალიანი სახელმწიფო კომპანიის გასხვისება მაღალ ფასში შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლებამ ამაზეც უნდა იფიქროს და აქცენტი “საქართველოს ფოსტის” გრძელვადიან განვითარებაზე გააკეთოს და არა მისი პრივატიზების შედეგად მიღებულ ერთჯერად შემოსავალზე.
“მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინები და არც მთავრობას უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი მოლოდინები ფოსტის გასხვისებასთან დაკავშირებით. ვისაც ფინანსები ესმის, მან იცის, რომ თუ კომპანია არის წამგებიანი, მისი ღირებულება არის ძალიან დაბალი. ამას მთავრობა არ უნდა განიხილავდეს განსაკუთრებული შემოსავლის, სახელმწიფო ვალის შემცირების ან სხვა ხარჯების დაფარვის წყაროდ.
უკანასკნელი 15 წელია ეს კომპანია (საქართველოს ფოსტა) ყოველ ორ წელიწადში იგეგმება რომ გაიყიდოს, შემდგომ რთულდება მყიდველის მოძებნა და როცა კომპანიას არ ჰყავს მყიდველი, ამ დროს მნიშვნელოვანია აქტივის ფასი. აქ აქცენტი უნდა გაკეთდეს გრძელვადიან პერსპექტივაზე და იმაზე, როგორ შეუძლია კერძო სექტორს კომპანიას შესძინოს ღირებულება, დასაქმებულები დატოვოს სამსახურში და ამ მხრივ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას”,- აცხადებს ხიშტოვანი.
მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების გასხვისება რაც მალე მოხდება, მით უკეთესია.
“სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მდგომარეობა გვეუბნება, რომ რაც მალე მოხდება მათი პრივატიზაცია და კერძო საკუთრებაში გადასვლა, უკეთესი იქნება ეს ამ კომპანიებისთვის და ამ კომპანიებში დასაქმებული ადამიანებისთვის. სხვა შემთხვევაში ეს კომპანიები დიდწილად აზარალებენ სახელმწიფოსაც, რადგან არიან წამგებიანი საწარმოები”, - აცხადებს ხიშტოვანი.
შეგახსენებთ, "საქართველოს ფოსტა" სულ ორი წელია მოგებაზე გავიდა - 2019 წელი კომპანია 1.8 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულა, 2020 წელი კი 7-მილიონიანი საოპერაციო მოგებით.




























