მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორბანი ანტიუკრაინულ კოალიციას კრავს - რა მიზანს ისახავს ის და ვინ იქნებიან ალიანსში?

ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მომდევნო სამიტზე ანტიუკრაინულ ბლოკს შექმნის. საუბარია სლოვაკეთის, ჩეხეთისა და თავად უნგრეთის გაერთიანებაზე, რაც ომში მყოფი ქვეყნისადმი ევროკავშირის პოლიტიკაზე ზეგავლენას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე ორბანი კვარტეტის შეკვრას და ბლოკში პოლონეთის შეყვანასაც იმედოვნებდა, რადგან მისი პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი უკრაინის მიმართ გარკვეულწილად სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა საბოლოოდ ორბანმა შეთანხმება მხოლოდ იმ მოკავშირესთან შეძლო, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინისადმი მკვეთრად კრიტიკულად არიან განწყობილი.

როგორც ვიქტორ ორბანი განმარტავს, ეს იქნება ე.წ. ვისეგრადის გაერთიანების ახლებური მოდელი, რომელიც ყურადღებას კიევისთვის იარაღისა და ფინანსური დახმარების დაბლოკვაზე გაამახვილებს. ორბანის განცხადების პარალელურად სამმხრივი ბლოკის შესახებ დამატებითი ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოვისმინეთ. ორბანის მრჩევლები ამბობენ, რომ 3 ქვეყანა საბოლოო პოზიციებს ევროკომისიის სამიტამდე ჩამოაყალიბებს და ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაახლოებას შეუშლის ხელს.

ოფიციალურ კიევში ორბანის განცხადებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ ე.წ. ვისეგრადის გაერთიანებას საერთო არაფერი აქვს იმ ბლოკთან, რომელიც 90-იან წლებში საბჭოთა გავლენისაგან განთავისუფლებულმა 4-მა ქვეყანამ, უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და რეგიონული ინტერესების გასატარებლად შექმნეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები