საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანს არ აქვს უფლება ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისაუბროს. ამის შესახებ ის პოსტს აქვეყნებს.
„მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას.
ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება“, - წერს ჯანელიძე.
ცნობისთვის, 28-29 ოქტომბერს საქართველოს უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია სტუმრობდა. ვიქტორ ორბანის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროინტეგრაციისთვის ძალისხმევის გაწევა კონსტიტუციაში უწერია და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სასაცილოა. ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ათწლეულის განმავლობაში საქართველო მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და უნგრეთი ამაში ყველანაირად შეუწყობს ხელს.
ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება