ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა დასრულდა.
ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა.
როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოში, საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.