მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორბელიანების სასახლის ეზოში კონცერტი გაიმართება, რომლის ყურებაც ონლაინ იქნება შესაძლებელი

6005b79c3c533
თამთა ჯიჯავაძე
18.01.21 22:00
904
ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, ეს იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის და დათო ევგენიძის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც კონცერტი პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მათივე ცნობით, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება 7 ქუჩის მუსიკოსი და დათო ევგენიძის ბენდი, რომელიც შედგება 8 წევრისგან. რაც შეეხება თანხას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონცერტის ტექნიკური უზრუნველყოფა და მუსიკოსების ჰონორარი დაახლოებით 16 000 ლარია. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ასევე,  ღონისძიება ხაზს უსვამს „ორბელიანების სასახლის“ ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ირინე შენგელიამ.

კონცერტი 19 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები