მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორბის" ბახმაროს პროექტზე გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით ნებართვა გაცემული არ არის - მინისტრის მოადგილე

ორბი ბახმარო

ბახმაროში, "ორბი რეზიდენსის" მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, არანაირი კონკრეტული ნებართვა ამ დროისთვის გაცემული არ არის - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას იწყებს. მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კონკრეტული საცხოვრებელი არეალის განაშენიანებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო შესული განაცხადი, თუმცა გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან კომპანიას დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კორესპონდენცია გაეგზავნა.

"მე, ამ საკითხზე ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ვსაუბრობ. ჩვენთან, კონკრეტულად ამ საკითზე, ანუ კონკრეტული საცხოვრებელი არეალის განაშენიანებასთან დაკავშირებით იყო შემოსული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდა ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, შესაძლოა, საჭიროება იყოს, რომ ამ ტერიტორიაზე შესაბამისი შეფასებების ჩატარების, სტრატეგიული გარემოს დაცვის შეფასების, ან გარემოს დაცვის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლის. ამ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოს აქვს გაგზავნილი პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი კორესპონდენცია და ჩვენი მხრიდან რაც შემიძლია გითხრათ, გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, რაიმე კონკრეტული ნებართვა კონკრეტულ საკითხზე გაცემული არ არის. ეს არის, რაც ამ წუთში შემიძლია ვთქვა.

რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს პოზიციას, ნებისმიერი ნებართვა, რომელიც საჭიროა გარემოსდაცვითი კუთხით, ბუნებრივია აუცილებელია გაცემული იყოს ნებისმიერი პროექტისთვის, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს", - განუცხადა თანდილაშვილმა მედიას.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, როცა მშენებლობა დაწყებულია და აპარტამენტები უკვე იყიდება, უნდა მოქმედებდეს თუ არა სამინისტრო პროაქტიურად, თანდილაშვილი პასუხობს, რომ - ყველა მშენებელმა და ყველამ, ვინც საქართველოში პროექტს აშენებს გარემოსდაცვითი კოდექსის მოთხოვნები იცის.

"ჩვენ, არ შეგვიფასებია ეს პროექტი, არ გვქონდა შეფასება გაკეთებული, ამიტომ, ვერ გეტყვით კონკრეტულად რა ტიპის ნებართვა არის საჭირო. მაშინ როცა პროექტთან დაკავშირებით დეტალური და დაზუსტებული ინფორმაცია შემოვა სამინისტროში განსახილველად, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონმდებლობის მიხედვით და განვსაზღვროთ, რა ტიპის ნებართვაა საჭირო. ეს ნებართვა აუცილებელია.

ჩვენ სამინისტროში, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალი და ინფორმაცია არ შემოსულა. მე, მეტ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ არ ვფლობ.

ყველა მშენებელმა და ყველამ, ვინც საქართველოში პროექტს აშენებს გარემოსდაცვითი კოდექსის მოთხოვნები იცის. განსაკუთრებით ისეთმა მსხვილმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ ტიპის პროექტებს ახორციელებენ და ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით არა ერთ ასეთ ნებართვას გავცემთ. დავაზუსტებ, რომ ახალი კოდექსი 4 წელია ძალაშია, რომელიც ძალიან ზუსტად განსაზღვრავს რა შემთხვევაში რა ტიპის ნებართვაა საჭირო", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები