მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორბის“ და „ბლოკ ჯგუფის“ $300 მლნ-იან „ცენტრალ პარკ თაუერსის“ პროექტს „გლობალ ბენეფიტ ჯორჯია“ აზღვევს

648b19b4dabb7
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.23 17:56
2680
„ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ 300 მლნ დოლარის ღირებულების სამშენებლო პროექტ „ცენტრალ პარკ თაუერსს“ რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ დააზღვევს. სადაზღვევო პაკეტის ჯამური პრემია შეთანხმების მიხედვით 1 მლნ ლარია და ის მსხვილი სამშენებლო რისკების დაზღვევას მოიცავს. მშენებლობის პროცესის სრული ციკლი ყველა დამდგარი რისკისგანაა დაზღვეული, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ არსებული ხარვეზების გამოვლენას და მის ანაზღაურებას მშენებლობის დასრულებიდან შემდგომი 2 წლის განმავლობაში.

კომპანიების თანამშრომლობის შესახებ "ორბი ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინა კობახიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრეს.

„ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თბილისის ცენტრში მშენებარე პროექტის დაზღვევის მიმართ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ინტერესი დიდი იყო.

„ჩვენთვის უმთავრესი იყო სადაზღვევო პროდუქტის ეფექტიანი გამოყენების მექანიზმი გვქონოდა და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროექტის გადამზღვევები ევროპის წამყვანი გიგანტური სადაზღვევო კომპანიები არიან, რომლებიც ყველა იმ რისკის დაცვას და დაზღვევას უზრუნველყოფენ, რომელიც შეიძლება თეორიულად წამოიშვას.

ეს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის პირველი ეტაპია, რადგან ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ ვიღებთ 25 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, თავის სრულად გამართულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რაც თავისდათავად დამატებითი სადაზღვევო პროდუქტების შექმნას მოიაზრებს. დარწმუნებული ვართ, რომ სასტარტო ეტაპზე ჩვენ წარმატებული ურთიერთობა გვექნება“, - აცხადებს ირაკლი კვერღელიძე.

ამასთან „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ პროექტის დაზღვევა მომხმარებლისთვის და ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტია, რამეთუ ამით ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კომპანია პროფესიონალურად მიუდგება პროცესს.

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინა კობახიძე აღნიშნავს, რომ პროექტი სადაზღვევო კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ის ერთადერთი პროექტია, რომელსაც ასეთი სინქრონული სამშენებლო რისკების მართვის პოლისი აქვს ნაყიდი.

„ეს ერთადერთი პოლისია ალბათ საქართველოში, სადაც ყველა ის რისკია გათვალისწინებული, რომელიც სამშენებლო პროცესს თან ახლავს, პლიუს მშენებლობის დასრულების 2 წლის თავზე ნებისმიერი ხარვეზის გამოვლენის შედეგად დამდგარი რისკების ანაზღაურება გავეცით. ჩვენი კომპანია კორპორაციული საჭიროებებზეა მოდერნიზებული და ბაზარზე ძალიან რთული რისკებს გადაზღვევით ვართ დაკავებულნი. ამ მუშაობის პროცესმა ის დამატებითი ლიმიტირებული პროდუქტები გამოავლინა. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ სამშენებლო რისკები გეოლოგიიდან - მიწის სამუშაოებიდან დაწყებული იმ ეტაპით დასრულებული, რაც ჯერ ალბათ მომხმარებელმაც არ იცის. ანუ დაზღვეულია მშენებლობის პროცესი, ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, დამქირავებლის პასუხისმგებლობა ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შეიძლება მატერიალურ აქტივს მიადგეს.

სამშენებლო პროექტების დაზღვევა, პირველ რიგში საკუთარი ბიზნესის დაცვაა და დღეს საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე კომპანიათა დიდი ნაწილი პროექტებს არ აზღვევს. ეს ერთეული შემთხვევებია და ჩვენთვის იმ მიმართულებითაა საინტერესო ეს თანამშრომლობა, რომ იქნებ ეს გახდეს კომპანიებისთვის საკუთარი ბიზნესის დაცვის მაგალითი“, - აღნიშნა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ.

ცნობისთვის: $300 მილიონიანი „ცენტრალ პარკს თაუერსი“ 140 000 კვ/მ ფართობისგან შედგება და ორ 42-სართულიან თაუერსს 6-სართულიანი პოდიუმით გააერთიანებს. პროექტი 1 400-ნომრიან ჰოტელ ჰაბს მოიაზრებს, სადაც 25 5*-იანი სასტუმრო იქნება განთავსებული, მათ შორის 150-ნომრიანი „რედისონ ბლუ“, რომელთანაც ხელშეკრულება გასულ კვირას გაფორმდა.

კომპლექსში იქნება პრემიუმ კლასის სპა და საოფისე სივრცეები, პრემიუმ კლასის რესტორნები, ძვირადღირებული ბრენდების სავაჭრო ცენტრი, სამორინე და ასევე იგეგმება ყველაზე ძვირადღირებულ პენტჰაუზების მოწყობა, რომლიც ფასი კვ.მ-ზე 20 000$ აშშ-ს აღწევს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ის ოფიციალურად 2025 წელს მაისში გაიხსნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები