„სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე კომპანია „ორბი ჯგუფის“ ბახმაროს პროექტთან მიმართებით უმნიშვნელოვანეს კომპონენტად საჯაროობას მიიჩნევს. როგორც სალუქვაძე „საქმიან დილასთან“ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, აზრთა სხვადასხვაობის და შიშების ძირითადი საფუძველი არასრულყოფილი ინფორმაციაა, რომლის ამოვსება ფართო დისკუსიის ფორმატში, აზრთა შეჯერებით არის შესაძლებელი.
„იმდენად შეშინებულები ვართ და იმდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რომ გვეშინია ყველა ახალი მშენებლობის. ის კურორტები, რომელიც ჩვენთვის საამაყოა, ისეთ მდგომარეობაში ჩავაგდეთ, რომ ახლა ერთი კომპლექსის მშენებლობასაც კი სიფრთხილით ვუდგებით. ნეტავ ასე ყოფილიყო თავიდანვე სხვა კურორტებზეც და ასეთ მდგომარეობაში არ ჩავცვივდებოდით.
ბევრს ვუსმინე ამ დროის განმავლობაში და ყველას თავისი სიმართლე აქვს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია არა ტელევიზიების მეშვეობით ელაპარაკოს ეს ხალხი ერთმანეთს, არამედ საჯაროობა იყოს. ჩვენ ხომ ვაღიარეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როცა ამგვარი პროექტები იქმნება? თუ ვინმეს რამე დასამალი არ აქვს, მწვავე პოლემიკაში განვიხილოთ ეს საკითხები. ასეთ დროს ერთი ერთს ამბობს და საზოგადოებისთვის დამარწმუნებელია ის არგუმენტაცია, მეორე ნაწილისთვის მეორეა მისაღები და ვერ იგებს პირველი მხარე რატომ არის წინააღმდეგი.
ჩვენთან გავრცელებული ფრაზაა „ვაშენებთ, ხომ არ ვანგრევთ“ და შემდეგ ეს იძლევა იმ შედეგს, რასაც ყოველდღიურად ფანჯრებიდან ვუყურებთ. აქედან გამომდინარე საჯაროობაა ჩემი რჩევა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. ეს საჯაროობა არ უნდა იყოს ფორმალური, უნდა იყოს პოლემიკა არგუმენტების დადების ფარგლებში.
უსაფრთხოებაც მაწუხებს, არ ვართ ისეთ გარემოში, რომ მწვავე შედეგებს ვიმკით თუ რა? მთის კურორტია, ალბათ შესწავლილია, თუმცა ჩვენ არ ვიცით. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. გულწრფელად გითხრათ, ჩამოყალიბებული არ ვარ ნამდვილად ცუდია ეს პროექტი თუ კარგია. ამიტომ არის საჯაროობა მნიშვნელოვანი. პროექტიც არ მინახავს, მისი ექსპერტიზის გარეშე კი ჩემი სპეციალობის ადამიანი ვერ იმსჯელებს", - ამბობს სალუქვაძე და აქვე მიზიდულობის ცენტრების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის შექმნა აუცილებელია როგორც ქალაქისთვის, ისე რეგიონისა და დასახლებებისთვის.
„მიზიდულობის ცენტრების შექმნა მნიშვნელოვანია, როცა გენგეგმაზე ვმუშაობთ ხოლმე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ვცდილობთ, რომ იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე. პოლიტცენტრულობაზე არაერთხელ გვისაუბრია და ეს ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, ქალაქისთვისაც და დასახლებებისთვისაც. ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ და რამდენიმე ადგილას წასვლა უნდა შეეძლოთ და არა ერთგან.
პრეცედენტზეა კიდევ საუბარი, ესეც ჩვენი ბრალია, რომ ვიღაცამ თუ რაღაცა გააკეთა, მერე ყველა უნდა დადგეს და იმანაც გააკეთოს. ესეც ძალიან ანგარიშგასაწევი და საფრთხილოა. რამდენად შეუძლია შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურას წინ აღუდგეს ამ პროცესებს. ჩვენ ვიცით რომ მერე ეს ან ვერ, ან არ გამოდის ხოლმე, ამიტომ არის მნიშვნელოვანი.
პროექტის არქიტექტურულ ნაწილში ვერ შევალ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის უცხოური კომპანია, რომელიც დაიქირავა კომპანიამ კარგი კომპანიაა. მაგრამ რაზედაც ვისაუბრე ზემოთ, ვფიქრობ, იმაზე უნდა იქნეს ყურადღება გამახვილებული. ეს საკითხები ძალიან კარგად დაღვინდება, დაიფილტრება საჯარო შეხვედრების შემთხვევაში. ეს ხომ დეველოპერისთვისაც კარგი უნდა იყოს? მესმის, რომ სასიამოვნო პროცესი არ არის კრიტიკის მოსმენა, მაგრამ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ საჯაროობას. თუ ასეთი პროექტები არ გამოვიდა სამსჯავროზე, ნორმალურ შედეგებამდე ვერ მივალთ, ვერც იმ ხარისხს დავდებთ, რომელიც გვინდა და არც საზოგადოებისთვის იქნება სანდო.“ - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.