ურბანული განვითარების ინსტიტუტი Bmg-ის ეთერში გასულ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც კომპანია “ორბი ჯგუფის” დირექტორი ირაკლი კვერღელიძე, ბახმაროს გენგეგმის ავტორი გიორგი სულაბერიძე და ბახმაროს პროექტის შემსრულებელი კომპანია WilkinsonEyre -ის მმართველი პარტნიორი, არქიტექტორი სემ ვრაითი კურორტის განვითარების შესაძლებლობებზე საუბრობდნენ.
Bmg ურბანული განვითარების ინსტიტუტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ამ ვრცელი მიმოხილვით განვიხილავთ გადაცემას რომელიც მიეძღვნა ბახმაროში „ორბის პროექტის ანალიზს, სადაც პროექტის სამი მხარე - გენგეგმის ავტორი, პროექტის ავტორი და სამშენებლო კომპანიის დირექტორი, საუბრობს ბახმაროში 350-ნომრიან 26 000 კვადრატული მეტრი ფართობის სასტუმრო კომპლექსზე. კომენტარში ნახავთ პეტიციას და გადაცემის ბმულს.
მიმოხილვას თან ახლავს გენერალური გეგმიდან, განაშენიანების გეგმიდან და პროექტიდან ამოღებული გრაფიკული მასალა.
- სემ ვრაითი ვილკინსონის მთავარი არქიტექტორი
დავიწყოთ გადაცემის პირველივე წინადადების განხილვით, რომ „ორბის“ პროექტის სინათლეზე გამოტანამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ შემთხვევაში აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან პროექტს ფაქტობრივად არ ჰყავს მომხრეები პროფესიულ წრეებში, სამოქალაქო საზოგადოებაც ერთიანია პროექტის შეფასებაში და სწორად აფასებს რისკებს, რომელიც ბახმაროს ემუქრება. თუმცა აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი გარემოება - კომპლექსზე, რომელიც თვითონ კომპანიისა და ავტორის თქმით უნდა იყოს ბახმაროს ცენტრი ისე მომზადდა ქალაქგეგმარებითი პროექტი და შეთანხმდა ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ არ მომხდარა საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღსანიშნავია რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების თანახმად ქალაქგეგმარებითი პროექტების შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულოა დაცული იქნეს მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამონაწილეობითი დაგეგმარების პრინციპები. ანალოგიურ მოთხოვნებს აყენებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიც რათა სივრცეები განვითარდეს ინკლუზიურად და გათვალისწინებული იყოს ავთენტიკური ლანდშაფტის შენარჩუნება-დაცვის პრინციპები.
გადაცემის შესავალის დიდი ნაწილი დაეთმო კომპანიის რეკლამას, აღნიშნული თვალსაჩინოს ხდიდა გადაცემის ავტორთა მცდელობას წინასწარ განეწყო მაყურებელი დადებითად და უპირობო ნდობა გამოეცხადებინა ამდენი პროექტის შემქმნელი კომპანიისთვის. ჩვენ წინააღმდეგი ვართ შევიდეთ ამ საპროექტო ჯგუფის პორტფელის განხილვაში, თუმცა აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ქვეყანაში დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკას, როდესაც აქცენტი კეთდება დანაშაულის ჩამდენის პროფილზე და არა თვითონ დანაშაულზე. ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია რომ საქმე გვაქვს პროფესიული საქმიანობის ეთიკის დარღვევასთან რომელსაც დამატებითი ანალიზით შემოგთავაზებთ და გაგაცნობთ ბრიტანეთში გავრცელებულ და მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც არ დაუშვებდა მსგავს არქიტექტურულ გადაწყვეტებს და ამ ქვეყნის კანონმდებლობით შესაძლებელია გამხდარიყო პროფესიული საქმიანობის ნორმებისა და წესების დარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და საქმიანობის შეზღუდვის საფუძველი.
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ წამყვანის მიერ ნახსენები „ტოპ არქიტექტურული კომპანია", არცერთი წყაროსა და სარეიტინგო პლატფორმით არ არის არც ტოპ ათეულში, არც ტოპ ასეულში, არც ტოპ ათასეულში და დამადასტურებლად შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ გამომცემლობის ბმული, სადაც მოცემულია მსოფლიოს 100 უდიდესი არქიტექტურული კომპანია, მათ შორის ვილკინსონი არ არის: https://www.archdaily.com/330759/the-100-largest-architecture-firms-in-the-world
ჩვენს გუნდს ასევე არ მიაჩნია სწორად თვითონ არქიტექტორის პროფესიული ანალიზი და მისი სხვა ქვეყნებში დაპროექტებული შენობების განხილვა არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით, რადგან არ ვთვლით, რომ გამოცდილება სწორი გადაწყვეტილების გარანტიაა, გამოცდილება სწორი გადაწყვეტილების წინაპირობა მაშინაა, როდესაც საფუძვლად პროფესიული ეთიკა უდევს. ამიტომ პროექტის ავტორთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებისთვის გიზიარებთ ბმულს https://wilkinsoneyre.com/people/sam-wright.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ვამზადებთ წერილს ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის სახელზე, რათა გავუზიაროთ პროექტის დეტალები და ჩვენი პოზიცია პროექტთან დაკავშირებით. გამოვითხოვოთ ინფორმაცია არღვევს თუ არა პროექტი სივრცის განვითარების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და ითვლება თუ არა პროექტის ავტორის პრაქტიკული საქმიანობა საქართველოში, არქიტექტურული საქმიანობის ბრიტანეთის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევად.
პროექტის ავტორი წამყვანის კითხვაზე - თუ რა დაკვეთა მიიღო „ორბი“-სგან პასუხობს ზოგადად, რომ მხოლოდ საინტერესო პროექტებზე მუშაობს მისი კომპანია და ბახმაროც მათთვის საინტერესო იყო მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და უნიკალურობის გამო. ის აღნიშნავს, რომ ადგილზე გაეცნო ადგილის კულტურულ და სულიერ მნიშვნელობას და მათი ამოცანა იყო ლანდშაფტის აღდგენა, მათი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი არქიტექტურა რომელიც პატივს სცემდა ადგილობრივ ტრადიციულ მახასიათებლებს, რომ ადგილმა შეინარჩუნოს მისი ისტორია და სულიერება და ჰარმონიაში იყოს არქიტექტურა ბუნებასთან.
უნდა ვაღიაროთ რომ არქიტექტორის მიერ ნათქვამი სიტყვები ნამდვილად ლამაზად ჟღერს, მაგრამ პროექტი არცერთი პარამეტრით არ ითვალისწინებს ადგილის განწყობას, შენობის არქიტექტურა ოდნავაც კი არ არის თანხვედრაში ბახმაროში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ არქიტექტურასთან, არ არის თანხვედრაში მთის არქიტექტურასთან, მისი მასშტაბი სრულადაა აცდენილი გარემოს, შენობა არ ითვალისწინებს ეკოლოგიური მშენებლობის პრინციპებს, არქიტექტურული გადაწყვეტები სრულად აქრობს ლანდშაფტის მნიშვნელობას, კომპლექსი ზურგს აქცევს ბუნებას და თავის თავში იკეტება, მოცულობა თავისი ფორმითა და მოყვანილობით წინააღმდეგობაში შედის რელიეფთან და არა თუ აღადგენს ლანდშაფტს არამედ ანაწევრებს და არღვევს მის მთლიანობას. არცერთი სიტყვა რომელიც პროექტის ავტორმა ახსენა არ მოდის შესაბამისობაში საპროექტო გადაწყვეტასთან და ტოვებს შთაბეჭდილებას რომ სხვა პროექტზე საუბრობს, რადგან მის მიერ გაჟღერებული მიზნების ნახევარიც კი რომ დაკმაყოფილებულიყო საპროექტო გადაწყვეტით, სრულიად განსხვავებულ არქიტექტურას მიიღებდა ბახმარო.
პროექტის ავტორი ასევე საუბრობს დაკვეთის მოთხოვნების კრიტიკულ მასაზე, რომ მის მიერ დაპროექტებულმა შენობამ პირველ რიგში უნდა დააკმაყოფილოს დამკვეთის მოთხოვნები და ინტერესები, დაიტიოს საკმარისი ოდენობით ადამიანები და იყოს ეფექტიანი სხვადასხვა გამოყენების სივრცეებით. ის ამტკიცებს რომ ეს ფუნქციები აუცილებელია ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს გადაბმული იმისთვის რომ არ მოხდეს ქაოსური განვითარება, რაც ცალსახად არის მცდარი პოზიცია და მიგვაჩნია, რომ მისი გამოცდილების მქონე არქიტექტორს ეს კარგად უნდა ესმოდეს. სივრცეთა განვითარება შესაძლებელია ისე რომ კომპლექსში შემავალი ფუნქციები და მოცულობები ისე იყოს ერთმანეთთან ორგანიზებულად დაკავშირებული რომ არ მოხდეს მათი გადაბმა და თავმოყრა ერთ არქიტექტურულ შენობაში. არქიტექტურულად შესაძლებელი და საინტერესოა კომპლექსების ისე დაგეგმარება, რომ ფუნქციებს შორის ადამიანებს მოუხდეთ ერთი სივრციდან მეორეში გადასვლა ეზოების პავილიონების გარდამავალი ღია დერეფნებისა და გალერეების გავლით და სივრცეებს შორის შექმნან დინამიკა, შექმნან გარემოს სიცოცხლისუნარიანობა და არ მოწყდნენ ბუნებას. ამ შემთხვევაში კომპლექსში ჩაკეტილ ადამიანს ხშირად შეიძლება ისიც კი დაავიწყდეს მთაში იმყოფება თუ ზღვის სანაპიროზე, რაც არქიტექტურულად ცალსახად მცდარი გადაწყვეტილებაა, რომელიც პროექტის ავტორის გამოცდილების გათვალისწინებით შეგნებულად დაშვებულ კომპრომისს ნიშნავს.
პროექტის ავტორი ამბობს, რომ სურვილი აქვს შექმნას ლანდშაფტთან შერწყმული სივრცე და მეორეს მხრივ ქმნის ჩაკეტილ დერეფნული სისტემის სამმხრივად შემოზღუდულ ნაგებობას, რომელიც ყოველ მხრივ აქცევს ზურგს არსებულ ლანდშაფტს.
არქიტექტორი საუბრობს იმავე სიმაღლის შენობების არსებობაზე თუმცა არსად არის გათვალისწინებული რამდენჯერ აღემატება საპროექტო შენობა ბახმაროში დღეს არსებულ ყველაზე დიდი ზომის შენობასაც კი. ის არქიტექტურულ საზოგადოებას მიგვითითებს რომ უნდა გვესმოდეს თითქოს არ ვეხებით ლანდშაფტს, რადგან მიმდებარედ 100-200 კვ. მეტრი ფართობიანი კოტეჯების განაშენიანებაა და აპროექტებს შენობას, რომელიც მიწის ქვეშ 2 სართულს ითვალისწინებს.
არქიტექტორი ასევე ხაზს უსვამს მთების კონტურებთან არქიტექტურული პროექტის კონტურების მსგავსებას, თუმცა პროექტს თუ დავაკვირდებით გვრჩება შთაბეჭდილება რომ პროექტის ავტორმა თითქმის ჰორიზონტალური მთები იპოვა სადმე. ის კარგად საუბრობს ბახმაროს უნიკალურობაზე და მისი არქიტექტურული გადაწყვეტები ყველაფერია ამ უნიკალურობის წასაშლელად.
დასასრულისკენ გადაცემის წამყვანის კითხვაზე - არის თუ არა პროექტი ბახმაროს სწორი განვითარების წინაპირობა, პროექტის ავტორი ადასტურებს, რომ არის. ის ხაზს უსვამს ქაოსური განაშენიანების უარყოფით მხარეებს და აღნიშნავს, რომ ტერიტორია საჭიროებს მიზიდულობის ცენტრში კომპაქტურ განვითარებას. დავეთანხმებით პროექტის ავტორს, რომ ბახმაროს განვითარება საჭიროებს ცენტრის შექმნასა და ცენტრში კომპაქტურ განვითარებას, თუმცა რასაც ის კომპაქტურ განვითარებას ეძახის ერთ შენობაში მოქცეული ბახმარო უფრო ჰქვია და ვერაფრით იქნება ბახმაროს სწორი განვითარების გზა.
- გოგი სულაბერიძე ბახმაროს გენერალური გეგმის ავტორი
საპროექტო ჯგუფმა ბახმაროს თემაზე მუშაობა დაიწყო 2016 წელს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დაკვეთით და დამტკიცდა 2017 წელს. გენერალური გეგმის პროექტის მიხედვით, მხოლოდ 3000-დან 2800 ჰექტარ ტერიტორიას ადევს ლანდშაფტური ზონა და დაუშვებელია მშენებლობა. ჯამურად დაახლოებით 60 ჰექტარი ტერიტორიაზეა დაშვებული სამშენებლო განვითარება. 2017 წლიდან არასათანადო ადმინისტრირების გამო, ბახმაროში კოტეჯებისა და სახლების თვითნებური მშენებლობა გრძელდებოდა.
გენგეგმის ავტორის მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ, რომ ორბის საკუთრებაში აღმოჩნდა ბახმაროს ტერიტორიების სამშენებლო ნაწილის 10%-ზე მეტი, სწორედ ის არეალები, რომლებზეც გენგეგმამ დაადგინა, რომ ის როგორც კურორტის ცენტრი ისე უნდა განვითარდეს.
გენგეგმის ჯგუფი ,რომელიც თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უწევდა კონსულტაციას სამშენებლო კომპანიას სწორედ ხაზს უსვამს გენგეგმის მთავარ ამოცანებს, კონკრეტულად გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტში ვკითხულობთ: „დაგეგმილი განაშენიანება უნდა ჩაეწეროს არსებულ ბუნებრივ გარემოში/ლანდშაფტში, ისე, რომ დაცული იქნას არსებული პანორამული ხედები, ბუნებრივი გარემო და წყლის ბუნებრივი სისტემები, ასევე შეიქმნას და დაცულ იქნას განაშენიანებისგან ღია სივრცეების ქსელი; განვითარება უნდა განხორციელდეს კომპაქტური, საშუალო სიმჭიდროვის შერეული გამოყენების კლასტერებად, რომ შემცირდეს სატრანსპორტო მოთხოვნა და განაშენიანების ფართობი.“ აღსანიშნავია რომ წარმოდგენილი პროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაშია ღია სივრცეების ქსელისა და პანორამული ხედების შენარჩუნების პირობასთან, ასევე განაშენიანების სიმჭიდროვესთან და დამატებით უწყობს ხელს სატრანსპორტო ნაკადების ზრდას. სწორედ ამიტომ გენგეგმის ავტორი არ ამბობს რომ პროექტი შეესაბამება და პასუხობს გენერალური გეგმის პრინციპებს, გენგეგმის ავტორი ამბობს რომ პროექტი შეესაბამება გენგეგმის პარამეტრებს, რაც ნიშნავს რომ ის ჯდება ზონის შესაბამის კოეფიციენტში.
აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ გარემოებას, რომ მცირემიწიანობის პირობებში გენგეგმით დადგენილი პარამეტრები, 100-400 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ 50-500 კვ.მ. ფართობის შენობები გამოდიოდა და აღნიშნული ნამდვილად შეესაბამებოდა ბახმაროში საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბებულ კოტეჯური განაშენიანების სისტემას.
გენგეგმის ავტორი ასევე საუბრობს შენობის მასშტაბზე და ხაზს უსვამს, რომ დისკუსიის საგანია განაშენიანებისთვის რა აჯობებს 60 კვადრატულამდე ფართობის 2000 კოტეჯი, თუ 1000 კვადრატულამდე ფართობის ერთი შენობა, თუმცა აქვე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ წარმოდგენილი პროექტით შენდება 26 ათას კვადრატულზე მეტი ფართობის მქონე მასშტაბური 350-ოთახიანი სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი და მრავალფუნქციური კომპლექსი.
ჟურნალისტი ეკითხება გენერალური გეგმის ავტორს - ემუქრება თუ არა ბახმაროს ბაკურიანისა და გუდაურის ბედის გაზიარება, გენგეგმის ავტორი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და საქართველოს სივრცეების განვითარებაში ბევრი უნახავს, პირდაპირ იხსენებს და პარალელს ავლებს გუდაურთან, როდესაც გუდაურის განაშენიანება დაიწყო და მარკო-პოლო შენდებოდა, ამ დროს გუდაურში 3-4 კოტეჯი იყოო, მადლობას იმსახურებს გენერალური გეგმის ავტორი ამ ღია განცხადებისთვის, რომ ზუსტად დაინახა და აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული გუდაურის ბედი გაიზიაროს ბახმარომ, თუმცა ასევე მიაჩნია, რომ აუცილებელია კურორტი ორგანიზებულად განვითარდეს და ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყოს. გენგეგმის ავტორი ასევე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ფაქტორს და აცხადებს, რომ კოტეჯური განვითარება შესაძლებელი იქნებოდა ძლიერი ეკონომიკის პირობებში. რაც პირდაპირი მინიშნებაა, რომ შესაბამისი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს არ უწევთ არჩევანი გააკეთონ გარემოს შენარჩუნებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შორის, ხოლო ეს პროექტი არის კომპრომისი, რადგან როგორც გენგეგმის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს უახლოესი ათი წელი კიდევ არ ექნება შესაძლებლობა რომ თავისი რესურსით განავითაროს კურორტები. ანუ ჩვენ რომ ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა ვიყოთ აქ შეიძლებოდა კოტეჯური განვითარება ყოფილიყო, მაგრამ რადგან არ ვართ ფინანსურად ძლიერი ქვეყანა უნდა შევეგუოთ არამდგრად განვითარებას.
ამ საკითხში ნამდვილად ვერ დავეთანხმებით გენგეგმის ავტორს, რადგან ძალიან მარტივად მიგვაჩნია, რომ მხოლოდ 1 ლარად "ორბისთვის" გადაცემული მიწის ფასითაც კი შესაძლებელი იქნებოდა მცირემიწიანი ბახმაროს ინფრასტრუქტურის იმდენად მოწესრიგება, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო და სახელმწიფო არც ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე დახუჭავდა თვალს.
გენგეგმის ავტორი ასევე საუბრობს პროექტის ფინანსურ მოგებიანობაზე და პარალელს ავლებს წინანდლის პროექტთან, სადაც ხუთსართულიანი შენობის უკან არსებული რამდენიმე კოტეჯი ბიზნესმა ვერ გაყიდა, ამით ის აღნიშნავს, რომ კოტეჯების განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია პროექტი წაგებიანი ყოფილიყო სამშენებლო კომპანიისთვის. ამიტომ კომპანიამ ბიზნესინტერესების გათვალისწინებით შეარჩია ის გადაწყვეტილებები, რომელიც მოგებიანი იქნებოდა ბიზნესისთვის და არა გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები და ავთენტიკური იქნებოდა ბახმაროსთვის. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ გაშლილ რელიეფზე განვითარებული სასტუმრო კომპლექსის მოცულობითი გადაწყვეტა არ შეიძლება შევადაროთ ბახმაროს მცირემიწიან და ქანობიან რელიეფზე იგივე ზომისა და მასშტაბის არქიტექტურულ გადაწყვეტას.
დავეთანხმებით გენგეგმის ავტორს, რომ ვისურვებდით ბახმარო განვითარებულიყო ისე რომ ქცეულიყო საერთაშორისო მნიშვნელობის მიზიდულობის ცენტრად და აღვნიშნავთ, რომ ლოკალურად თავის თავში ჩაკეტილი სისტემები, როგორიც მან მაგალითად მოიყვანა არასოდეს გამხდარა საქართველოში ტერიტორიების განვითარებისა და გაჯანსაღების წინაპირობა.
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ გენერალური გეგმის საავტორო ჯგუფი ამ შემთხვევაში არის უფლებამოსილი გასცეს რეკომენდაციები და გაუწიოს კონსულტაციები კომპანიებს, რაც მათ შეასრულეს. ჩვენი პროფესიული ჯგუფი ვიზიარებთ იმ სირთულეებს, რაც მოჰყვება სამშენებლო ბიზნესინტერესებს, მით უფრო საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ამიტომ მიგვაჩნია, რომ გენერალური გეგმის ავტორმა მაქსიმალური გულწრფელობითა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით ისაუბრა გენერალური გეგმის ზოგად პრინციპებზე, ხაზი გაუსვა პრობლემებს, საფრთხეებს, კოტეჯური განვითარების დადებით მხარეებს, ბახმაროს გამოწვევებს.
გენერალური გეგმის ავტორი გადაცემის დასასრულს გამოთქვამს იმედს, რომ სახელმწიფო მონაწილეობას მიიღებს ბახმაროს განვითარების პროცესში, ტერიტორიის ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო ქსელით მომარაგების კუთხით და ხელს შეუწყობს ბახმაროს ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვასა და ტერიტორიის სწორი მიმართულებით განვითარებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად სამშენებლო კომპანიისთვის ქონების უფასოდ გადაცემისა, ბახმაროს ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, ქსელის მოწყობა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა ისევ სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. არსად არსებობს გარანტია, რომ აღნიშნული სიკეთეებით ბახმაროს მთლიანი კურორტი ისარგებლებს და არა მხოლოდ ლოკალურად ერთი სასტუმრო კომპლექსი.
- ირაკლი კვერღელიძე - „ორბი ჯგუფი“ გენერალური დირექტორი
"ორბის" დირექტორი იწყებს საუბარს გენერალური გეგმით და საზოგადოებას არწმუნებს, რომ გენერალური გეგმა არის ის გარანტია, რომელიც დაიცავს ბახმაროს მასშტაბური მშენებლობებისგან და ეს კომპლექსი იქნება ერთადერთი მოცულობა და მიზიდულობის ცენტრი. თუ ბახმაროს გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილს დავაკვირდებით დავინახავთ დაშტრიხულ ლაქას, რომელსაც აწერია, რომ გენერალური გეგმა არ ადგენს ამ ტერიტორიის განაშენიანების დეტალებს და მომავალში დაგეგმარების საკითხია, ზუსტად იგივე ნიშნით იყო მონიშნული საპროექტო ტერიტორიაც. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გენერალური გეგმით მონიშნული ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი სწორედ „ორბის“ ხელშია. კომპანიის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ გენერალური გეგმით გათვალისწინებული პირობების დაცვა მათ ინტერესებშიც შედის და ამ თემაზე აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი დაგეგმარების სააგენტოსთან. ხოლო მარტივად რომ განვმარტოთ გენერალური გეგმით განსაზღვრული ტერიტორიები, სადაც მსგავსი მასშტაბის შენობები შეიძლება აშენდეს, ძირითადად "ორბის" საკუთრებაშია და ამით ბახმაროზე სერვისების თითქმის მთლიანი სპექტრის მონოპოლიზებას შეძლებს. შემდეგ კითხვაში ის კიდევ უფრო აკონკრეტებს მიზანს, რომ კომპანიის სურვილია საკურორტო დასახლების ცენტრის ერთპიროვნული მშენებელი და მესაკუთრე გახდეს. ის პირდაპირ ამბობს „დაბალი განაშენიანების ინტენსივობით ჩვენ ვერ ვიღებთ ინფრასტრუქტურულ და აუცილებლად მისაწოდებელი სერვისების ერთობლიობას, რომელიც კურორტზე ჩამოსულ ადამიანებს სჭირდებათ“. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მაღალი ინტენსივობის განაშენიანება დაუშვებელია ბახმაროში და ცენტრის მოწყობა განვითარება დაბალი და საშუალო განაშენიანებითა და დანაწევრებული სწორად დაგეგმილი მოცულობებითაც შეიძლება.
ამ განმარტების შემდგომ, რომელიც პირდაპირ აცხადებს კომპანიის მიზანს, რომ სრულად აიღოს ხელში ბახმაროს ტურისტული სერვისების კონტროლი კონკურენციის გარეშე, ალბათ სხვა სამსახურებიც უნდა დაინტერესდნენ, თუმცა ეს ჩვენი პროფესიული კომპეტენციის მიღმაა და კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
"ორბის" დირექტორმა ბევრი ისაუბრა რიცხვებზე, პროექტის მასშტაბსა და მოცულობაზე. თუ პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა, ლანდშაფტთან და ავთენტიკურობასთან შესაბამისობა შესაძლებელია პროფესიული დისკუსიის საგანი იყოს, ამ შემთხვევაში ციფრებს, რიცხვებს და ანგარიშს არ სჭირდება მსჯელობა.
- „ორბის“ დირექტორი ამბობს, რომ შენობა დიდად გვეჩვენება თორემ 12 მეტრია სიმაღლეში.
- პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შენობის საპროექტო სიმაღლე 19 მეტრია, მიწის ქვემოთ ჩაღრმავება 10,4 მეტრი.
- „ორბის“ დირექტორი ამბობს რომ შენობა ოთხსართულიანია.
- პროექტის მიხედვით, ჭრილებში და ვიზუალურ ნაწილში ჩანს, რომ შენობა არის 6-სართულიანი.
- „ორბის“ დირექტორი ამბობს, რომ კოეფიციენტი კ1 არის 0,2, ანუ 20%
- პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ არის ორჯერ მეტი, ხოლო შეთანხმებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერია, რომ არის სამჯერ მეტი, ანუ 60%
- ორბის დირექტორი ამბობს, რომ კ2 კოეფიციენტი არის 1,2 და ბახმაროს განაშენიანების ინტენსივობას ადარებს თბილისსა და ბათუმში არსებულ კოეფიციენტებს.
- პროექტში წერია, რომ კ2 არის 1,4, 3000 კვ. მეტრით მეტი, ხოლო განაშენიანების გეგმაში წერია, რომ ის შესაძლებელია გაიზარდოს ორჯერ.
სამშენებლო კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ პროექტი ერთი სანტიმეტრითაც არ გადაშორებია დაშვებულ პარამეტრებს, სიმართლე კი ისაა, რომ პროექტის პარამეტრები რეალურად 2-3 ჯერ მეტია ვიდრე ის ეკრანიდან ეუბნება ადამიანებს.
"ორბის" დირექტორი ასევე ვრცლად საუბრობს ბახმაროს წინაშე არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე და პირდაპირ აცხადებს, რომ ასწლიანი ისტორიის ბახმაროში ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ინვესტორების მოსაზიდად, ხოლო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მიიღო 15 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების სამშენებლო კომპანიისთვის ჩუქებაა, აქვე "ორბის" წარმომადგენელი გვიმტკიცებს, რომ ეს პროექტი მათთვის მოგებიანი არ არის და 15 მილიონიანი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსგან ჩუქებას მხოლოდ ბახმაროს სიყვარულისა და სენტიმენტების გამო დათანხმდნენ, ქონების აღნიშნული ღირებულებაზე დასკვნა გაკეთებულია მისივე სიტყვებიდან, რომ ამჟამად მიწის ფასი 200-300 დოლარია.
ამ ხელშეკრულების ავკარგიანობა და საფუძვლები, ალბათ შესაბამისმა ორგანიზაციებმა, ან ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. ჩვენ კი გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომ სამშენებლო კომპანიის ვალდებულებებში არ შედის ბახმაროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გზების, ელექტროობის, გაყვანილობების სისტემების მოწყობა, აღნიშნული სერვისებით აღჭურვილი და მომარაგებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტი, რომელსაც თვითონ აშენებს და ისიც ძირითად შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯზე. კომპანიის დირექტორი პირდაპირ აცხადებს, რომ საჭირო სერვისებს დამსვენებელი მიიღებს ერთ ლოკაციაზე და ინფრასტრუქტურული საკითხებიც გადაწყდება მხოლოდ ამ ერთი ლოკაციისთვის. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ მასშტაბური მშენებლობა ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების განვითარებასაც, თუმცა არსად საუბრობს, რომ კომპანია იღებს რაიმე ვალდებულებებს ბახმაროს განვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო როგორ განავითარა მასშტაბურმა მშენებლობებმა ინფრასტრუქტურა, ამის მაგალითად ბაკურიანი და გუდაურიც საკმარისია.
შეჯამებისთვის, გვინდა ვუპასუხოთ გადაცემის ჯამურ ნარატივს - თითქოს პროექტი სარგებელს მოუტანს ბახმაროს, ხოლო საზოგადოების რეაქცია უსაფუძვლო და არარაციონალურ შიშებს ეფუძნება.
კატეგორიულად მიუღებელია ერთის მხრივ გამოხატავდე პროფესიული დისკუსიის გახსნის მზაობას და მეორეს მხრივ არარაციონალურობაში დებდე ბრალს ადამიანებს. ჩვენს მიერ გაჟღერებული და გავრცელებული თითოეული წინადადება ეყრდნობა ფაქტებს - პროექტის, ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლასა და ანალიზს.
ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ავტორი დანამდვილებით არის მზად პროფესიული დისკუსიისთვის და პროფესიული პათეტიკის გარეშე, საქმიანად განმარტავს და უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ შენიშვნებს.
ჩვენი მიზანია ადამიანებს ჰქონდათ მარტივად აღქმადი და მიუკერძოებელი ინფორმაცია, იმისთვის რომ შეძლონ გააზრებული არჩევანის გაკეთება, რომელიც გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე.