"ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია,“ - ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას.
არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენიანების რეგულირების ნაწილი პროფესიონალების ჩართულობით ახლიდან შემუშავდეს.
„პროექტი არ არის სრულყოფილი, ის ვიზუალური მასალაც კი, რაც გამოქვეყნდა არ შეესაბამება პროექტს რომელიც წარდგენილია ნებართვის მისაღებად. ეს შეიცვალა რადგან აღმოჩნდა, რომ იქ ზვავსაშიში ტერიტორია ძალიან ახლოს ჩადიოდა ტერიტორიის ნაწილზე. ამიტომ პროექტი დაკორექტირდა, თუმცა არ დაკორექტირებულა მისი ვიზუალური ნაწილი.
პროექტი, რომელიც წარდგენილია სანებართვოდ, არ ახლავს გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაგვანახვებს რისკებს, რაც მიწას გააჩნია. ასევე პროექტში არ არის საინჟინრო ნაწილი. ასევე განსაკუთრებული პრეტენზია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებაში ეწერა შეზღუდვა, რომ მას არ შეეძლო მრავალბინიანი ნაგებობის მშენებლობა, მაგრამ, თუ ამას დავარქმევთ აპარტოტელს ან სასტუმრო კომპლექსს და შემდეგ ბინებად გავყიდით, მაშინ ამ საინვესტიციო ვალდებულებას თითქოს კანონმდებლობით გვერდს ავუვლით და მოვახერხებთ, რომ ერქვას მრავალბინიანი კომპლექსი ან სასტუმრო. ამის აკრძალვა იმიტომ დგას, რომ ის გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას და ამ ტიპის საცხოვრისის გაჩენას.
არ ვეთანხმებით პროექტის ავტორს იმაში, რომ ლანდშაფტზეა მორგებული ეს პროექტი, ეს პროექტი არის ჩაკეტილი თავისი არსით, შიდა სივრცეს ქმნის და ის ზურგს აქცევს გარემოს. პირდაპირ წინააღმდეგობაში თუ არ არის კოეფიციენტი გენერალურ გეგმასთან, პროექტი წინააღმდეგობაშია გენგეგმაში ჩადებულ პირველად არსთან, რომ შენარჩუნებული იყოს ლანდშაფტი, გახსნილი ხედები.
როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ გახსნილი ხედები, რომელიც თავისი ზომით არის თითქმის ოლიმპიური სტადიონის ზომის? 150 მეტრიანი შენობა ვერაფრით შექმნის გახსნილ ხედებს იმისთვის, რომ შენობებს შორის ადამიანებმა იმოძრაონ და ა.შ.“ - ამბობს ბიბილაშვილი.
პროფესიულ წრეებში მიიჩნევენ, რომ კურორტზე რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის აშენება მიზანშეწონილია, თუმცა ის არ უნდა იყოს ერთიანი და უნდა დაიშალოს ზონებად.
BMG-თან ბიბილაშვილი ინფრასტრუქტურული გარანტიების არსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გუდაურისა და ბაკურიანის მაგალითზე მშენებლობას ინფრასტრუქტურა ვერ გაჰყვა, რამაც სამთო კურორტების დაზიანება განაპირობა.
„განვითარების წინააღმდეგი არ ვართ, გვინდა რომ ვისწავლოთ იმ შეცდომებზე რაც ბაკურიანთან და გუდაურთან მიმართებით დავუშვით. ბახმაროში რომელიც ძალიან ადამიანური მასშტაბისაა, ნამდვილად ვერცერთ ევროპულ კურორტს ვერ შევადარებთ იმდენად განსაკუთრებულია თავისი ხასიათით, აქ მაინც გავაკეთოთ ისეთი რამ, რომელიც ხვალ მსოფლიოს რუკაზე დასვამს როგორც საუკეთესო ადგილს, სადაც მისვლა შეიძლება. კომპლექსი შეიძლება დაშლილიყო ზონებად, აქ საუბარი არ არის 60კვ-ად დაყოფაზე, მაგრამ შეიძლებოდა ისე დაშლილიყო, რომ მას შექმნა მიზიდულობის ცენტრი, ამავდროულად შეენარჩუნებინა გახსნილი სივრცეები.
ნებისმიერი მოცულობის დასახლებას სჭირდება თავისი მიზიდულობის ცენტრები, ეს შეიძლება დიდი დასახლებების შემთხვევაში რამდენიმეც იყოს, ხოლო მცირეს შემთხვევაში ერთი ან ორი. გვესმის, რომ ბახმარო უნდა განვითარდეს მაქსიმალური პოტენციალით, მაგრამ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურულ გარანტიებზე, რომელსაც სამწუხაროდ „ორბი“ ვერ გასცემს. ასეთი გარანტიების არარსებობის პირობებში ჩვენ ვნახეთ, რომ მშენებლობას ინფრასტრუქტურული განვითარება არ გაჰყვა არც ბაკურიანში და არც გუდაურში. გვჭირდება გარანტიები, რომ ბახმარო ამ უნიკალურ გარემოს არ დაკარგავს,“- ამბობს ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი „საქმიან დილასთან.“