კომპანია „ორბი ჯგუფმა" გასული კვირის ბოლოს ბახმაროში, მრავალფუნქციური სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია გამართა.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 350 ნომერზე გათვლილი პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობა და გაყიდვები დაიწყო. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1 500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი, 5000 დოლარს აღწევს.
მრავალფუნქციური კომპლექსი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს, რესტორნებს, კაფეებს, სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს.
ბახმაროში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წლის ვადაზეა გათვლილი და 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.
კომპანია "ორბიში" ირწმუნებიან, რომ სასტუმრო კომპლექსი ადაპტირებული იქნება ადგილობრივ ლანდშაფტთან, თუმცა ურბანისტები და არქიტექტორები აცხადებენ, რომ პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსთან.
"წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას," - ეს განცხადება "ურბანული განვითარების ინსტიტუტმა" გაავრცელა.
ორგანიზაცია ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მოუწოდებს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს.
"ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ინფორმირებული გვყავდეს საზოგადოება, რომ შესაბამისი არჩევანი გააკეთონ და მანიპულაციის საშუალება არ დარჩეს არცერთ მხარეს. იშვიათი შემთხვევებია ხოლმე, როდესაც საზოგადოება და პროფესიული წრეები ასე ერთსულოვანია რაიმე საკითხისადმი და ამ პროექტზე ეს ასეა. წარმოდგენილი პროექტი არ შეესაბამება არც თავისი მასშტაბით, არც არქიტექტორული გადაწყვეტებით იმ გარემოს, სადაც ეს შენდება. საუბარი არ გვაქვს იმაზე პროექტი კარგია თუ არა, ის უნდა იყოს გარემოსთან შესაბამისი. გამოვითხოვეთ საპროექტო დოკუმენტაცია, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ წინა წლის დეკემბერში შეთანხმდა განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ შეითანხმა და სწორედ მან დაადგინა ეს პარამეტრები, რომელსაც ვეწინააღმდეგებით კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით. სამწუხაროდ საპროექტო პროცესებში ჩართვის უფლება ნაკლებად გვაქვს ხოლმე, დღეს რაც ხდება, ეს არ ხდება ხოლმე მაშინ, როცა წინასწარ ვცდილობთ რაიმეს პრევენციას. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის მასშტაბი, უარყოფითი პოზიციის მასშტაბი, საკმაოდ მტკივნეულია ეს საზოგადოებისთვის. ჩვენ ვიცით ბაკურიანის, გუდაურის შემთხვევა, ვიცით რომ ინფრასტრუქტურა ვერ გაჰყვა იმ მშენებლობას რაც ან კურორტებზე წლების განმავლობაში მიდის.
პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მიზნებთან. ეს არის მდგრადი ქალაქები და საზოგადოება, რომელიც გულისხმობს კულტურული და ლანდშაფტური მემკვიდრეობის შენარჩუნებას და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროექტით ლანდშაფტური მემკვიდრეობა ვერაფრით ვერ შენარჩუნდება. მეორე ეს არის საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა და ასეთი ტიპის ჩარევა, ასეთი მასშტაბური დეველოპმენტის ჩარევა ძალიან არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენებს იქ მყოფ ადამიანებს და აქაც მდგრადობის პრინციპია. ნებისმიერი ლოკაციის განვითარებას აქვს თავისი ეტაპები ჯანსაღობის პრინციპებით. ასევე შემოდის ავთენტურობის და მოსახლეობის ჩართულობისა და მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინების მაჩვენებელი, რომელიც ამ პროექტში არ იკვეთება. ასევე არსებობს გარკვეული საფრთხეები გარემოზე ზემოქმედებისა. ეს პროექტი მეტისმეტად მასშტაბურია იმისთვის, რომ არ მომზადდეს გარემოს ზემოქმედების დოკუმენტი სადაც სპეციალისტები დაადგენენ ხომ არ მოახდენს ეს გავლენას ჰაერის მასებზე, რელიეფზე თუ სხვა. ასეთი ტიპის დოკუმენტაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, არსებულ დოკუმენტს რაც მაცნეზე გამოქვეყნდა ეს არ ახლავს," - აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი BMG-თან.
როგორც "ურბანული განვითარების ინსტიტუტის" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტში" სტუმრობისას განაცხადა, მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება სამომავლოდ კურორტზე ამ ტიპის განაშენიანებას წაახალისებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბახმარო ამ ფორმით აღარ შენარჩუნდება.
"ბახმაროს განვითარების კონცეფციაში ჩადებული იყო მცირე მასშტაბიანი მიწის ნაკვეთებით განვითარება და ის არ ითვალისწინებდა ამ მიწის ნაკვეთის გაერთიანებას, რაც მასშტაბური მშენებლობის საშუალებას გააჩენდა. შვეიცარიის იძლევა ამის კარგ მაგალითებს, რომელიც ყველას ძალიან მოსწონს და შემოსავლიანია. იქ არის ხის ორ და სამ სართულიანი სახლები. არსებულ ბახმაროს პროექტში კი ჩართულობა ერთ მონაკვეთში ექვსია. არსებობს კარგი მაგალითები, როდესაც კოეფიციენტი სრულად კი არ არის ათვისებული, თვითონ ხარისხია მაღალი რასაც მეტი შემოსავალი მოაქვს.
ჩვენ დეველოპერისთვის ინტერესის შეზღუდვაში ვიგულისხმეთ მხოლოდ და მხოლოდ ფართობების შეზღუდვა, ამას შეუძლია გაცილებით მეტი მოგების მოტანა. გრძელ ვადაში ამას ექნება დომინოს ეფექტი. სხვადასხვა დეველოპერები მოინდომებენ იგივე მასშტაბით მშენებლობას, სხვანაირად ვერ იფუნქციონირებს სამშენებლო პროცესები ახალ მიმართულებაში. ეს მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ბახმაროში რამდენიმე ასეთი შენობა, ეს ნიშნავს, რომ ბახმარო ამ ფორმით უბრალოდ აღარ იარსებებს," - განაცხადა ბიბილაშვილმა.