„მე ვერ ვხედავ პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში პროექტი გენგეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს“, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ბახმაროს პროექტთან მიმართებით ყველა ტიპის სანებართვო ბრძანება, დოკუმენტი და კვლევის შედეგები არსებობს.
როგორც მედიასთან დღეს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, კვერღელიძემ bmg-ის კითხვების საპასუხოდ განმარტა, პროექტის შექმნაზე ერთდროულად შვიდი სხვადასხვა კომპანია მუშაობდა, რომლებმაც ერთიანი მიდგომით და კონცეფციით, ერთგვაროვანი განვითარების გეგმა დადეს, მათგან კი საუკეთესო პროექტი შეირჩა.
„მე წარმოვადგინე როგორც 2023 წლის დეკემბერში გაცემული პროექტის შეთანხმების ბრძანება, ასევე სანებართვო მოწმობა, ინფორმაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, არის სრული დეზინფორმაცია. როგორ შეიძლება კომპანიამ, რომელსაც ამდენ წლიანი გამოცდილება აქვს, ნებართვის გარეშე დაიწყოს რაიმე მოქმედება?
პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ მოცემულ შემთხვევაში პროექტი გენგეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. რა უნდა დააკმაყოფილოს პროექტმა? პირველი, ის რომ გენგეგმის შესატყვისია, მეორე, რომ არანაირი საკანონმდებლო დარღვევა პროექტის შეთანხმების პროცესში ჩვენ არ მიგვიღია, იმიტომ, რომ ყველა კვლევა, ჩატარებულია და ყველა პროცედურა გავლილია. კარგად მოგვეხსენება, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს მშენებლობის ნებართვაც, შეთანხმების ბრძანებაც, გეოლოგიური დასკვნაც, ზვავსაშიშ ზონებთან დაკავშირებით ჩვენ კვლევა „გეოგრაფიკთან“ და ფრანგ სპეციალისტებთან ერთად გავაკეთეთ", - განმარტავს ირაკლი კვერღელიძე.
"ორბის" გენერალური დირექტორი თვლის, რომ პროექტთან მიმართებით დამოკიდებულებები გემოვნების დონეზე განიხილება და კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის ყველა საჭირო სამუშაო აქვს შესრულებული.
"სამართლებრივი მხრიდან მივყვები - თუ მე კანონს არ ვარღვევ, გენგეგმის პარამეტრებს არ ვარღვევ, თუ პარამეტრებთან შესაბამისობაშია, რა კრიტერიუმის გამო უნდა შეიცვალოს [პროექტი]? რა არის მიზეზი და პირობა საამისოდ? მოცემულ შემთხვევაში ყველაფერი გემოვნებამდე მიდის, ანუ ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ჩემი გემოვნება არ ყოფილიყო გათვალისწინებული, შვიდ სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურული ბიურო მოვიწვიე, რომელმაც ერთდროულად, ერთიანი მიდგომით და კონცეფციით, ერთგვაროვანი განვითარების თემა დადეს. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებდა ამ საქმიანობას. ვის დავუჯერო?
მით უმეტეს, რომ ეს პროექტი აუცილებელია კურორტის განვითარებისთვის, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის და დღემდე ინვესტიცია არ განხორციელებულა. ნუთუ გვინდა დავტოვოთ კურორტი ისეთივე ფორმით როგორიც დღეს არის? ნუთუ გვინდა, რომ დღეს როცა 2,5 მეტრია თოვლი 120 ტურისტის მეტი არ გვყავს, ასე გაგრძელდეს? მაშინ როცა ამ კურორტს პოტენციალი აქვს 10 ათასობით სტუმარი მიიღოს. 10 ათასი ტურისტი ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები, დამატებითი სოფლის მეურნეობის წარმოების საჭიროება“, - აცხადებს კვერღელიძე.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მსოფლიო ანალოგებზე და განაცხადა, რომ მიზიდულობის ცენტრების გარეშე არცერთი კურორტი არ განვითარებულა.
„შეცდა დავოსი? შეცდა სოტომაიორი? შეცდა მომბლანი? კურშაველი? შეცდნენ მსოფლიოში ეს კურორტები სადაც მსგავსი პროექტებია? მესმის განსხვავებული აზრის, არანაირი გაღიზიანება მათ მიმართ არ მაქვს. ძალიან ბევრი არგუმენტია და ამ ფორმატში ძალიან რთული იქნება საუბარი, თუმცა მზად ვართ, ოღონდ პირობას არ ვაყენებთ, რომ ნებისმიერ ადამიანთან, ჯგუფთან აზრი გავაზიაროთ. ამ ადამიანების ნაწილის პოზიცია გამომდინარეობდა იქიდან, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ. თუმცა ბევრი თემა ცოტა გადამეტებული იყო, თუ ინფორმაციას არ ვფლობთ, ალბათ არც შეფასება უნდა გავაკეთოთ. მზად ვართ და სახელმწიფოსთანაც შეთანხმებული ვართ რომ მეორე ფაზის პირობებში კიდევ უფრო მეტი გავხსნათ კომუნიკაციაც, პოლემიკაა და ვიმსჯელებთ ამ პროექტზე.
ბევრია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია. ეს არის სასტუმრო კომპლექსი თავისი ინფრასტრუქტურით, ამ კომპლექსში მხოლოდ 30% უჭირავს სასტუმროს, 70% არის ინფრასტრუქტურა, რაც ფართობში 20-25ათასი კვ.მ-ია. რასაც პირდაპირ გეუბნებით რომ კოტეჯური ტიპის განაშენიანების პირობებში ვერ მივიღებთ.
სადავო ალბათ არ არის ის, რომ კურორტს სჭირდება მიზიდულობის ცენტრი, სერვისების ერთობლიობა, ერთი ადამიანი მითხარით, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი კოტეჯი და 3-4 დღე სასტუმროში გაჩერდა. არ არსებობს ასეთი ინფრასტრუქტურა, რესტორანი არ გვაქვს, კაფე არ გვაქვს, სპა არ გვაქვს, გასასეირნებელი ადგილები. პარკი ერთი ნაწილი გავაკეთეთ, მაგრამ საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი. ბახმაროს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს არა 150 ტურისტის, არამედ 7-8 ათასი სტუმრის მიმღები. ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ ვიწყებთ მიზიდულობის ცენტრის შექმნას, რომელიც ავტომატურად განავითარებს კურორტს ისე, როგორც ეს გენგეგმით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში ირაკლი კვერღელიძემ.
დღეს კომპანია „ორბი ჯგუფმა“ თბილისში, ბახმაროს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ბახმაროს პროექტის ავტორთან, არქიტექტურული კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორთან და დირექტორთან სემ ვრაითთან ერთად გამართა.