მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროში "ორბის" პროექტის ტერიტორიის ზვავსაშიშროების რისკები "გეოგრაფიკმა" შეისწავლა - შედეგები

ორბი

კომპანია „გეოგრაფიკმა“ კომპანია „ორბი ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასების ნაწილში ფრანგ სპეციალისტებთან ერთად იმუშავა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოცირიძემ „საქმიან დილასთან“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, გაკეთდა ზვავის მოდელირების ყველაზე უარესი სცენარი, დასკვნაში კი დაიწერა, რომ პროცესები საინჟინრო გადაწყვეტებს ექვემდებარება.

„ჩემი ჩართულობა ბახმაროში კომპანია „ორბის" პროექტთან დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო ნაწილის კვლევის, ტრასებისა და საბაგიროების დაგეგმვის და ასევე მისასვლელი გზის ზვავსაშიშროების კვლევა-შეფასების ნაწილთან, „ორბის“ ნაკვეთთან დაკავშირებით კონკრეტული, დეტალური, საინჟინრო ზვავსაშიშროების შეფასება გავაკეთეთ.

ფრანგ კომპანიასთან და ექსპერტებთან ერთად გავაკეთეთ ზვავის მოდელირება, რომელმაც თავის უარესს სცენარში, გამოავლინა ზვავის ჩამოსვლის მოდელირების ფართობები, გათვლილ იქნა საინჟინრო დატვირთვები და გადაეცა კომპანიას იმისთვის, რომ მოხდეს მართვადი საფრთხის შესაბამისად დაგეგმვა. არსებობს ზვავი, რომელიც შეიძლება არ დაექვემდებაროს მართვას, ამ შემთხვევაში ეს ზვავი ექვემდებარება და ეს არის საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც, შესაძლოა, უშუალოდ ნაგებობის კონსტრუქციულ ნაწილშიც იყოს შეთავსებული, იმიტომ რომ ეს არის არც ისეთი დიდი დარტყმები, თუმცა გარკვეული სიმაღლის ყრუ კედლები, გარკვეული კონსტრუქციული დატვირთვებისადმი პროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს.

არის დატვირთვები, რომელსაც კონსტრუქცია უძლებს, ან არის უფრო დიდი დატვირთვები, სადაც დამბები ან ზვავსაწინააღმდეგო ნაგებობებია გასაკეთებელი ან ესენი თუ აღემატება დასაშვებ ფარგლებს, საერთოდ იქ განსახლებაა საჭირო. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი გვაქვს ეგეთი შემთხვევა.

ამ შემთხვევაში ტყის დახრების გათვალისწინებით გაანალიზდა ტყის ფაქტორი, ხვალ თუ ვიღაც ტყეს გაკაფავს ის ზვავი უფრო ძლიერი იქნება, თუმცა ეს არის უარესი სცენარის პირობებში 300-წლიანი განმეორებადობის შემთხვევაში დათვლილი. ამაზე მაღლა, შესაძლოა, რაღაცა მოხდეს, მაგრამ თუ ამაზე მეტი ალბათობით მოხდება, მაშინ, საქართველოში ბევრგან იქნება ბევრად მეტი პრობლემა. მოკლედ, ზვავის თემასთან დაკავშირებით ამ პროექტის ავტორებს გადაეცათ ჩვენი ზვავების კვლევა. წესით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აინტერესებს თავისი ტერიტორიის განვითარება, ბუნებრივია, დაიცავს რეკომენდაციებს, რომელიც მდგრადობას და სიცოცხლეს უკავშირდება.“ - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, რამდენად მისაღებია წარდგენილი პროექტი, გოცირიძე არ გვპასუხობს და ამბობს, რომ მის შესაფასებლად არსებობს უშუალოდ გენგეგმისა და გრგ-ს ავტორები, რომლებთანაც გარკვეული კითხვები, შესაძლოა, კიდევ არსებობდეს, სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისთვის კი განხილვების პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„არ მინდა, გავცე კითხვას პასუხი მომწონს თუ არ მომწონს, ძალიან ბევრი რამ მომწონს და ბევრი რამ არ მომწონს. ჩემი პროფესია ითვალისწინებს ქალაქმშენებლურ ნაწილსაც და ამის კომპეტენცია მაქვს, მაგრამ დავიცავ კოლეგიალურ ნაწილს. არაფრის თქმის არ მერიდება და არ მეშინია. ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ არსებობს გენგეგმის და გრგ-ს ავტორი და ძალიან მომწონს ის, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები, არაპროფესიონალების კითხვებიც რომ არსებობს, და თუ პროფესიული პოზიცია ძლიერია, ყოველთვის შესაძლებელია არაპროფესიონალურ კითხვებს გაეცეს პასუხები. გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა არსებობს გემოვნების განმსაზღვრელი შეფასებებიც. მე რამდენადაც ვიცი, „ორბის“ პროექტის განხილვა თქვენს მედია პლატფორმაზეც იყო, სადაც მონაწილეობდა გენგეგმის ავტორი და დავტოვებ მათ პლატფორმაზე.

სტანდარტული მიდგომებით მთის ლანდშაფტში რთულია მუშაობა, აქ შეიძლება კანონმდებლობაც შესაცვლელი იყოს, იმიტომაც არის, რომ ზოგან ამ კანონმდებლობით კარგ შედეგებს ვიღებთ, ზოგან კიდევ კითხვების დასმის საფუძველს. მე არ ვიცნობ დეტალურად გრგ-ს, რომელიც ხიდია გენგეგმასა და კონკრეტულ პროექტს შორის. აქ უნდა არსებობდეს კონკრეტული პარამეტრები გაწერილი. გამიზნულად არ მინდა ჩემი კომენტარი რომელიმე მხარის სასპეკულაციო იყოს, ამიტომ არსებობს ძალიან მარტივი ფორმულა, თეთრი თეთრია, შავი შავია და ამაზე დავა და ჩემი მონაწილეობა ამ დისკურსში, ძნელია.

ბახმარო არ არის იოლი ადგილი, რთულია მისი ტრანსფორმაცია, თუმცა ბახმარო სატრანსფორმაციოა, იმიტომ რომ უფრო ბევრმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს ამ კურორტით, თუმცა ეს ტრანსფორმაცია არ უნდა იყოს მის ავთენტური და ღირებული ლანდშაფტებისა და ხედების ხარჯზე. ეს გრგ ამ პარამეტრებს როგორ ითვალისწინებს და როგორ არის ეს შეწყობაში, ეს სხვა საკითხია. მე ქალამშენებლურ ნაწილზე არ მიმუშავია, ამიტომ მის ავტორთან და გუნდთან შეკითხვები იყო და შესაძლოა კიდევ იყოს.

საბაგიროების, ტრასების გამტარუნარიანობის მიმართებით არის კონკრეტული გეგმა, მოთხილამურე ტიპების, სეგმენტების, დამწყებებით დაწყებული, ექსპერტებით დამთავრებული. მიდგომები იმ მრავალფეროვანი და დიფერენცირებული მთის პროდუქტებისა საჭიროა, რომ ქვეყანაში განვითარდეს, იმიტომ რომ უნიკალური გარემო გვაქვს როგორც ფართო მასებისთვის, ისე ექსკლუზიური ეკო მომხმარებლებისთვის.“ - განაცხადა BMG-თან საუბრისას გიორგი გოცირიძემ.

„ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების იქით ფიზიკურად ვერ წავალთ“ – როგორია „ორბის“ გეგმები ბახმაროში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები