კომპანია „ორბი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტი ოთხსართულიანია, მისი სიმაღლე კი მიწიდან 12 მეტრს არ აღემატება. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ შენობის გარკვეულ ნაწილში სიმაღლეს, არსებული რელიეფი განაპირობებს.
„ასეთი რელიეფის მქონე ტერიტორიაზე, რომლის სხვაობა ძირიდან მეორე ბოლომდე 21 მეტრია, განაპირობებს აღქმას, თითქოს 7-8 სართულია პროექტი. სინამდვილეში მიწის ზემოთ მხოლოდ ოთხი სართულია. მეტის უფლება არ გაქვს, ოთხი სართულია მიწის ზემოთ და ზოგან ერთი და ორია მიწის ქვემოთ. სიმაღლე მიწის ნიშნულიდან არ აღემატება ოთხ სართულს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი სანტიმეტრით, რომელიც გენგეგმით არის დაწესებული, კომპანიას არ გადაუჭარბებია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბახმარო ყველაზე მაგარ, ხარისხიან, მნიშვნელოვანი არქიტექტურული კომპანიის მიერ დაპროექტებულ პროექტს მიიღებს, რომელიც საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამ განსხვავებული აზრების ერთობლიობისა, ყველას დაგვამშვიდებს და დაგვიმტკიცებს, რომ ბახმარო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
პროექტის შესახებ bmg-ისთან კომენტარი გააკეთა ბახმაროს გენგეგმის ავტორმაც. გიორგი სულაბერიძე ამბობს, რომ არსებული ფართიდან განაშენიანება მხოლოდ 20%-ზეა გათვალისწინებული. პროექტის სიმაღლე კი მისი მტკიცებითაც 12 მეტრია.
„ჩვენ 1 წელზე მეტი დაგვჭირდა მუშაობისთვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან კონსტრუქციული პოზიცია როგორც კომპანიისგან, ისე ეკონომიკის სამინისტროსა და სივრცითი სააგენტოს მხრიდან. ჩვენი ჩართულობით ვუწევდით კონსულტაციებს, ბევრი შეხვედრა გვქონდა მათთან და დღევანდელი წარმოდგენილი პროექტი, რა თქმა უნდა, გენგეგმის პარამეტრებში ჯდება, სხვანაირად შეუძლებელი იყო. ეს არის კოეფიციენტები, ეს არის მაქსიმალური სიმაღლე, ეს არის თანაფარდობა რეკრეაციასა და განაშენიანებისა შორის, მაქსიმალურ სიმაღლეს შორის, რომელიც 12 მეტრს არ აღემატება. გენგეგმაში არის დაშვებები დახრებიდან გამომდინარე, თუმცა წარდგენილი პროექტი ნამდვილად არის დოკუმენტთან თანხვედრაში. მოდით ასე ვთქვათ, პროექტის სართულიანობა მიწის ზემოდან ოთხ სართულს არ სცდება“, - განაცხადა სულაბერიძემ.