მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორგანიზაციები უცხოური დაფინანსების მიმღებებად დარეგისტრირდნენ - დეპუტატის შეთავაზება "ოცნებას"

შავგულიძე

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, შალვა შავგულიძე „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს, რომ ე.წ. რუსულ კანონში ტერმინი "უცხოური გავლენის გამტარებელი" შეიცვალოს "უცხოური დაფინანსების მიმღებით". განცხადება მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„ერთადერთი კრიტერიუმი არის გათვალისწინებული კანონით, რომ გამოცხადდეს სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად და ეს მიზეზი არის უცხოური დაფინანსების მიღება. გთავაზობთ, რომ რეალობა ასახოს კანონმა და პირველი მუხლის პირველ პუნქტში შეიტანოთ ცვლილება, მოხდეს დარეგისტრირება უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციად და არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად, რის დადასტურებასაც კანონი არ ითვალისწინებს“, - თქვა შავგულიძემ.

გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ ფინანსური სანქციები ზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას და მოახდენს მათ პარალიზებას. „შეიძლება ორგანიზაციები იძულებით დაარეგისტრიროთ, თუ არ შეასრულებენ კანონს, მოუწევთ ჯარიმების გადახდა. შესაძლოა, ჯარიმებს რამდენიმე თვე გაუძლონ და შემდეგ გაუქმდებიან. შემოთავაზება არის ასეთი: მოდით, სანქციებზე ვთქვათ უარი და რადგან გამჭვირვალობაა საკითხი, მოხდეს გამჭვირვალედ, მონიტორინგის მეშვეობით ამ ორგანიზაციის გამოცხადება, რადაც აცხადებთ, მაგრამ ის სანქციები, რომელიც შემზღუდავია, მოხსენით“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დეპუტატს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე მომხსენებელმა, მამუკა მდინარაძემ ჰკითხა, თუკი ტერმინი შეიცვლება, დაუჭერს თუ არა ის მხარს კანონპროექტს, შავგულიძემ უპასუხა, რომ ეს კანონი შეიცავს სხვა ბევრ მანკიერებასაც.

„კანონპროექტი ამის გარდა სხვა მრავალ მანკიერებასაც შეიცავს. თუ ბოლომდე მომისმენთ და გაითვალისწინებთ ყველა შენიშვნას, რომელიც მაქვს, ფაქტობრივად შეიცვლება ამ კანონის შინაარსი და თუ შეცვლით შინაარსს, მხარს დავუჭერ. მხოლოდ დასახელების შეცვლა არ იქნება საფუძველი იმისა, რომ კანონპროექტი არ გახდეს ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელი“, - თქვა შავგულიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები