ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის ამოქმედება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდება, კანონის ამოქმედების ვადად, ამ დრომდე 2025 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული. შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე წარდგნენ. ინიციატივას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
„მოგეხსენებათ, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ევროასოცირების კომპონენტში მთლიანად მოხდეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის ადაპტაცია ჯანმრთელობის სფეროშიც. ერთ-ერთი საკითხი გახლავთ ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი და სექტორთან გავლის შემდეგ, რომ ეს ყველაფერი იყოს სრულფასოვანი და მთლიანად ინფრასტრუქტურული ნაწილი თუ პერსონალის მომზადებისათვის საკმარისი ვადები იყოს გამოყოფილი და ეს ყველაფერი ჩატეული იყოს იმ პარამეტრებში, რომელიც დააკმაყოფილებს ევროასოცირების მისაერთებელ კანონმდებლობას, შემოვდივართ წინადადებით, ფორმისა და შინაარსის ხელშეუხებლობით, გადავიტანოთ მხოლოდ ამოქმედების ვადა, და ის ნაცვლად 2025 წლის პირველი იანვრისა, 2026 წლის პირველ სექტემბერს ამოქმედდეს“, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.
როგორც შესაბამის განმარტებით ბარათში წერია, ახალი კანონმდებლობა მოითხოვს ორგანოთა გადანერგვის სფეროში ორგანოთა გადანერგვის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებას, რითაც შესაძლებელი იქნება დონორთა რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულებების, ისე - იმ დაწესებულებებისა, სადაც უნდა განხორციელდეს ტრანსპლანტაცია და სხვა. აღნიშნული საკითხი, მისი შინაარსისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მოითხოვს შესაბამის ექსპერტულ მხარდაჭერას როგორც თანმდევი სამართლებრივი ბაზის მომზადების, ისე, ზოგადად, მისი იმპლემენტაციისას ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული კაპიტალის მობილიზების კუთხით.
"იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კანონების სრულყოფილი აღსრულება და ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების პროცესს, არ მოხდეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების რაიმე ფორმით შეფერხება, მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს 2026 წლის 1 სექტემბრამდე", - წერია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონი“ გასული წლის ნოემბერში დაამტკიცა. ეს კანონი აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს. დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და ნებაყოფლობითი. პირს შეუძლია წინასწარ, სიცოცხლის განმავლობაში განაცხადოს ნებაყოფლობითი, ინფორმირებული თანხმობა სიკვდილის შემდეგ ცალკეული ორგანოს ან ორგანოების უანგარო დონაციაზე გადანერგვის მიზნით, თუმცა ამისთვის ის დონორთა ეროვნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.
ამასთან, გარდაცვლილის ორგანოს დონაციაზე თანხმობის გაცხადების უფლება აქვთ ნათესაური კავშირში მყოფ პირებსაც. რაც შეეხება ცოცხალ დონორობას, ასეთ შემთხვევაში საჭიროა როგორც სასამართლოს, ისე ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ გაცემული თანხმობა. როგორც კანონშია აღნიშნული, პირს, რომელიც აკმაყოფილებს ორგანოს გადანერგვის სამედიცინო კრიტერიუმებს, დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეცეს თანაბარი უფლება, უფასოდ დარეგისტრირდეს მომლოდინეთა ეროვნულ სიაში. კანონი ითვალისწინებს ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნას.