მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორგანული მეურნეობა "იორლენდი" აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას იწყებს

იორლენდი

საგარეჯოში მდებარე ორგანული მეურნეობა „იორლენდი“ აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას იწყებს.

როგორც მეურნეობის თანადამფუძნებელი თამთა კალანდაძე BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, ფერმა უკვე მუშაობს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე და პირველი სტუმრების მასპინძლობას დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გეგმავს.

„ჩვენთვის ძირითადი მიზანი, მხოლოდ პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია არ არის და დასაწყისშივე არ ყოფილა. მთავარი დანიშნულება სოფლის ტურიზმის გამოცდილების შექმნაა - გარემო, სადაც სტუმარი თავად დაკრეფს პროდუქტს, მოიმზადებს, თუ სურვილი ექნება, გაისეირნებს, დაისვენებს და ბუნებასთან ახლო კონტაქტს მიიღებს“, - ამბობს კალანდაძე.

მისივე თქმით, მეურნეობაში უკვე განთავსებულია სამი ხის კოტეჯი, რომლებიც ძველი სახლებისგან არის აღდგენილი და თავდაპირველად 10-15 სტუმრის ერთდროულად მიღებას შეძლებს.

"მომდევნო ეტაპზე, „იორლენდში“ ბევრად მასშტაბური ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ვგეგმავთ - სასტუმროს ტიპის კომპლექსს, რომლის დასრულების შემდეგ ფერმა 50-80 ადამიანს უმასპინძლებს", - განაცხადა თამთა კალანდაძე.

მისი თქმით, პროექტი ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული მოწყობის ფაზაშია და ინვესტიციის საერთო მოცულობა ჯერჯერობით არ არის დათვლილი.

ინფორმაციისთვის, „იორლენდი“, რომლის განვითარებაც 2013 წელს დაიწყო, დღეს 25 ჰექტარზეაა განთავსებული და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალპროფილურ ორგანულ ფერმად ყალიბდება. მეურნეობა ერთდროულად მევენახეობის, მებაღეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეთევზეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებებას ავითარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები