“რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს დღეს შევხვდები, ამის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, აქამდე ვერ მოვახერხე”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ორივე მხარის ინტერესების დაცვას შეეცდება.
“ჩვენთვის მთავარია, რომ არსებული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა გამოვნახოთ. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კლინიკის არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, უმჯობესია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა თვისობრივად გაუმჯობესდება. ამასთან ერთად, ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ საავადმყოფოს პერსონალის ინტერესებს, ბალანსი უნდა გამოიძებნოს და ღია ვართ საუბრისთვის.
ორი ინტერესი უნდა დაბალანსდეს, ახალი საავადმყოფოს აშენების სახელმწიფო ინტერესი, რადგანაც საავადმყოფოს განახლება აუცილებელია, ამასთან მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვნახოთ პერსონალის ინტერესების დასაცავად. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ და მოგახსენებთ, როგორი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თითქმის 5 კვირაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს მართავენ. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც კლინიკის სრული ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს.
რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში ოპერირებას 5 მარტამდე გააგრძელებს, შემდეგ კი, როგორც ცნობილია, რეორგანიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მედპერსონალი კი ამ დრომდე ითხოვდა, რომ პრემიერ-მინისტრს მათთან კომუნიკაცია ამ ვადის გასვლამდე ჰქონოდათ.