მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი კითხვა, რომელიც ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ზურაბ ლალაზაშვილმა დასვა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო

ზურაბ ლალაზაშვილი

კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას საზოგადოების გახლეჩას.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, რომლის მთავარი თემა ბიზნესმენების და „ოცნების“ პრემიერის ირაკლი კობახიძის შეხვედრა იყო, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

BDO იმ 2300-ზე მეტ კომპანიას შორისაა, რომელიც Freebusiness.ge-ის პლატფორმას შეუერთდა და მიაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზა ახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებაშია.

- ყველა თემაზე [მთავრობიდან] პასუხი იყო, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იანვრიდან დამშვიდება სიტუაცია. აშშ-ში მოვა ახალი ადმინისტრაცია, მოხსნის სანქციებს, მოიხსნება ევროკავშირის სანქციებიც, მაგრამ ამის საფუძველი და მტკიცებულება ვერ დავინახე და არა მარტო მე. ბევრმა [ბიზნესმენმა] ვერ დაინახა, მათ შორის მათ, ვისაც ხმა არ ამოუღია შეხვედრაზე და კითხვები არ დაუსვამს.

- თქვენ თუ მოახერხეთ კითხვის დასმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე და რა გაინტერესებდათ?

- ჩემი თანამშრომელი და ჩემი ნათესავები აქციების დაწყების პირველივე საღამოს დააკავეს; დაკავებისას სცემეს და დაკავების შემდგომაც, სამარშრუტო მიკროავტობუსში ძალიან მაგრად სცემეს. ორივეს ყბა-სახის მოტეხილობა ჰქონდა და ოპერაციები დასჭირდათ. მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავი... [პრემიერთან] ჩემი კითხვა იყო - ვინმემ მოახდინა იდენტიფიცირება იმ ადამიანების?! ვის აქვს უფლება, რომ ადამიანი დააკავოს გინებით და მუშტების რტყმით?! ხომ შეიძლება, ცივილიზებულად დაეკავებინათ?! დაკავების შემდეგ სასტიკად რატომ სცემეს?! ერთ-ერთი მათგანი გონების დაკარგვამდე იყო ნაცემი და შემდეგ პოლიციამ გადაიყვანა საავადმყოფოში; თან ორივეს პირადი ნივთები ჰქონდა დაკარგული. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც მკაცრად არ იყოს გამოძიებული?! 7 ნოემბერი, 26 მაისი - ის დღეები წამოგვიტივტივდა ყველას გონებაში, რადგან მაშინ იყო ყველაზე სასტიკი ფორმით დაკავებები და დარბევები. სამწუხაროდ, პასუხი არ მიმიღია...

- ანუ თქვენი კითხვა შეეხებოდა, დაისაჯა თუ არა ვინმე ადამიანების ასე სასტიკად ცემისთვის?

- დიახ. მაინტერესებდა, რეაგირება თუ იყო და ვინმე თუ არის დაკავებული ამასთან დაკავშირებით, რადგან თუ ეს არაა სისტემური, მაშინ აქტიური მოქმედება-მოკვლევა უნდა იყოს დაწყებული, ვინ და რატომ გაბედა ასე მოქცევა. მით უმეტეს, ვნახეთ სხვა ადამიანებიც, ვინც სასტიკად სცემეს, ასევე ჟურნალისტებიც...

- არ იყო პასუხი?

- კონკრეტული პასუხი არ იყო... [პრემიერთან] ჩემი მეორე კითხვა შეეხებოდა, გარდა ახალი არჩევნებისა რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ამ ვითარებაში, როცა იზოლირებულია საქართველო? ვხედავთ, მთავრობას არ ელაპარაკება ევროკავშირი და როგორ გზით ვაპირებთ მოლაპარაკებების გაგრძელებას ან ევროკავშირში შესვლას?! ამაზეც არ მქონდა პასუხი.

- ვინმემ რამეზე კონკრეტული პასუხი მიიღეთ?

- ყველაზე კონკრეტული და კარგი, რაც მოვისმინე იყო ის, რომ ბიზნესი თავისუფალია და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის არავის დაიჭერენ. ეს იყო ყველაზე კონკრეტული...

- ეს „ოცნების“ მთავრობისგან მოისმინეთ თუ ბიზნესმენებმა თქვეს?

- პრემიერისგან მოვისმინეთ.

- თქვენი აზრით, დღეს საკმარისად თავისუფალი არის ბიზნესი?

- გააჩნია რას ვეძახით თავისუფლებას. ის, რომ მე და სხვა ბევრი ადამიანი გამოვიდა და თავის აზრს აფიქსირებს, ეს რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მიმაჩნია, რომ რაც მეტ ადამიანს შეეძლება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ყოველგვარი შეურაცხყოფის და ძალადობის გარეშე, ეს არის ძალიან კარგი. [პრემიერთან შეხვედრაზე] ბევრმა თქვა და მეც დავეთანხმე, რომ ძალიან ბევრ ბიზნესმენთან ვმეგობრობ და ვპარტნიორობ, ვისაც ჩემგან განსხვავებული პოზიცია აქვს და არ მიმაჩნია, რომ დაყოფილები ვართ.

- წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?

- ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოების გახლეჩა.

- ახლა საზოგადოებაა გახლეჩილი?

- არის... ჩემი აზრით, არასწორია შეფასება, რომ ამ ხელისუფლებას ჰყავს მხარდამჭერები...

- თუმცა ისიც ხომ ფაქტია, რომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ იმ მოქალაქეებშიც გააჩინა კითხვები, ვინც არჩევნებზე 41 ნომერი შემოხაზა... ნაწილი დღეს აქციებზე დგას.

- რაც არ ვიცი, ვერ ვიტყვი. ჩვენ ვართ ჭრელი საზოგადოება. „ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ვინც მის გადაწყვეტილებას ემხრობა, სჯერა და ა.შ. ამიტომ არ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ერთ აზრზეა; თუმცა მიუხედავად იმისა, საზოგადოების რა ნაწილი ითხოვს ცვლილებებს და მიმაჩნია, რომ აშკარად დიდი ნაწილი ითხოვს, მათი პოზიციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ხელისუფლება არის მთელი საქართველოს ხელისუფლება; ეს ქვეყანა არის ყველასი და განვითარებისთვის ყველას შრომა და ერთად ყოფნაა საჭირო, თან ძალიან მაგარი შრომა; ჩვენ კი ერთმანეთს ვართ დატაკებულები - ნათესავებს, მეგობრებს, მშობლებსა და შვილებს შორისაა განსხვავებული აზრი და ეს გამოიწვია [28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ]. არაფრად ღირს არცერთი პოლიტიკური თანამდებობა და არცერთი დღის წესრიგი, თუ ასეთი საზოგადოება გვეყოლება...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები