"ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი საფრთხის შემცველია," - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რაც ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.
„მედიის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით, განსაკუთრებული საფუძვლითა და საგანგებო კანონისმიერი პროცედურით არის დასაშვები. ნებისმიერი ამგვარი ქმედება, ვისგანაც არ უნდა იყოს, უნდა იყოს გამყარებული მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით.
როცა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ქვეყანაში ორი მაუწყებლის მიმართ, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულია, რა თქმა უნდა ვერ იქნება ეს ვერავითარ შემთხვევაში განხილული დადებით კონტექსტში, პირიქით ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ეს გადაწყვეტილება ზოგადად ტელემაუწყებლებს შორის სამართლიანი კონკურენციისთვის, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის და მთლიანად მედიაპლურალიზმისთვის წარმოადგენს საფრთხეს,“ - განაცხადა მან.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები ბევრია და ეს კითხვები საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. ასევე აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი, ან პრეტენზია არავის შეუტანია და შესაბამისად, ორი ქართული არხის მიმართ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი დაცული არ ყოფილა.




























