ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის დარგს ჯერ არ შეხვედრია, მაგრამ მცირე საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელს უკვე ორი საკითხი აქვს მონიშნული, რომლის დაყენებასაც აპირებს.
ენერგეტიკის სექტორის ინვესტორების საჭიროებებსა და გამოწვევებზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მინისტრის და ინვესტორების შეხვედრა მალე გაიმართება.
გიორგი მარგებაძის თქმით, განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის, მნიშვნელოვანია GREDA-ს მიერ მომზადებული იმ კანონპროექტის კანონად ქცევა, რომელიც ქონების გადასახადის იმ თემში დატოვებას ითვალისწინებს, სადაც გენერაციის ობიექტი აშენდება.
მეორე საკითხი, რომელზედაც მცირე საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი ახალ მინისტრთან და სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებით განახლებულ გუნდთან აპირებს, ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD მექანიზმის ფარგლებში აუქციონებში გამარჯვებულებთან გაფორმებულ მემორანდუმებს შეეხება.
- მემორანდუმები მემორანდუმებად რომ არ დარჩეს, პირველი შეხვედრა რომ მექნება ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან, აუცილებლად ვისაუბრებთ CFD მემორანდუმებზე, რომელსაც აუქციონებში გამარჯვებული [კომპანიები] სამინისტროსთან აფორმებენ და შემდეგ ფურცლებით დადიან და ვაჭრობენ... მე მათ „ცეხავიკებს“ ვეძახი...
- თქვენ ამბობთ, რომ აუქციონებში გამარჯვებულებს არ სურთ გენერაციის ობიექტების აშენება და მათი მიზანია, მემორანდუმები გადაყიდონ?
- დიახ... ვინც მემორანდუმებს აფორმებს, არ აპირებს მშენებლობას და ცდილობს, ძალიან ძვირად გაყიდოს; როცა ვერ ყიდის, შემდეგ ავადებს პირობებს იმისთვის, რომ ვინმეს ძვირად მიჰყიდოს გამარჯვებული პროექტი... შედეგად, 3-4 წელი გაჩერებული აქვს პროექტი და ასე „იბევებს მდინარეებს“ ან ადგილებს მზის და ქარის სადგურებისთვის. ყველას უნდა მიეცეს გონივრული ვადა ან უნდა ჩამოერთვა ჩამოერთვას პროექტი...
- თავის დროზე CFD აუქციონებში ვადები არ განისაზღვრა?
- დიახ, ჩამკეტი არის, მაგრამ ვადის გაგრძელებაც ხდება...
- ძირითადად, რას აჩვენებს პრაქტიკა?
- პრაქტიკა აჩვენებს, რომ არიან კომპანიები, რომლებსაც მემორანდუმები 7 წელი აქვთ...
- მახსოვს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, უკვე პატიმარი რომეო მიქაუტაძე და ასევე, ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობდნენ, რომ წახალისების მექანიზმის ე.წ. PPA-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების მფლობელებს პროექტის განსახორციელებლად გარკვეულ ვადას მისცემდნენ...
- ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა... ამიტომ ახალ ხელმძღვანელობას დაველაპარაკები ამ თემაზე... რაც შეეხება GREDA-ს კანონპროექტზე, მის მნიშვნელობასაც ვაჩვენებთ...
- მეხუთე წელია ამ კანონპროექტზე საუბრობთ - ვერ ხსნით კარგად თუ სინამდვილეში ენერგეტიკის განვითარება მთავრობის ინტერესი არაა?
- უშუალოდ არ ვიყავი მოლაპარაკებებში ჩართული, მაგრამ [სამინისტროებთან შეხვედრებზე] GREDA დადიოდა... ვნახოთ ახალ ხელმძღვანელობასთან დავსვამთ ამ საკითხსაც. ახალი მინისტრის იმედიც გვაქვს.




























