აზიური ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე, გუდაურში მდებარე ტურისტულმა ობიექტმა Best Western Gudauri ბოლო ორი წელია სასტუმროში ინდური და არაბული სამზარეულო დაამატა.
BM.GE-სთან ინტერვიუში სასტუმროს მფლობელი, გიორგი კვიწინაშვილი, განმარტავს, რომ ტერიტორია ზაფხულის პერიოდში ძალიან პოპულარული იყო არაბებისა და ინდუსებისთვის, ხოლო მოთხოვნამ ნელ-ნელა ზამთრის სეზონზეც გადმოინაცვლა.
მისი თქმით, რეგიონი ევროპელი სტუმრების დეფიციტს არ განიცდის, თუმცა გუდაურში გაზრდილი საწოლ ფონდის ნაწილი აზიური ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტებით შეივსო.
“შარშან და შარშანწინ ზამთრის სეზონი ნაკლებად იყო დატვირთული არაბებისა და ინდუსების მიერ, მაგრამ 2025 წლის ზაფხულიდან და 2026 წელს უკვე თვალსაჩინოდ ჩანს, რომ მთაზე ხშირად არიან რუსულ ენაზე მოსაუბრე სტუმრები და სხვა აზიური ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტები. ზაფხულის პერიოდში შემოსული ტურისტები ახლა ზამთარშიც აქტიურად იყენებენ ჩვენს მომსახურებას, ამიტომ ობიექტმა მოთხოვნას მიწოდებით უპასუხა და სამზარეულოში აზიური კერძებიც შეიტანა”, – აღნიშნა კვიწინაშვილმა.
კვიწინაშვილის თქმით, აზიური ბაზრების ზრდა ნაწილობრივ ამ რეგიონის ერთგულ მომხმარებელზეა დამოკიდებული. “დუბაიში მცხოვრები ევროპელი ექსპატები ზამთრის პერიოდში აქტიურად სტუმრობენ კურორტს, ხოლო ისრაელიდან ვიზიტები ძირითადად თებერვალში იწყება, რაც ემთხვევა ევროპელების არდადეგებს. თებერვალი ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია – ფასებიც შედარებით მაღალი გვაქვს ამ პერიოდში იანვართან და დეკემბერთან შედარებით,” – ამბობს მფლობელი.
ადგილობრივ მომხმარებელზე საუბრისას, კვიწინაშვილი აღნიშნავს, რომ : “საახალწლო პერიოდში ქართველები ძირითადად ოჯახის დღესასწაულებით არიან დაკავებულები, ხოლო ბავშვთა არდადეგებზე მშობლები ბაკურიანს უპირატესობას ანიჭებენ, რადგან იქ საბავშვო სპორტული პროგრამები უფრო განვითარებულია. გუდაურში თბილისიდან შემოსული ადგილობრივი სტუმრები კურორტს ძირითადად პარასკევ-შაბათ-კვირას სტუმრობენ, როგორც ღამის თევით, ასევე ერთი დღით ვიზიტისთვის.”




























