საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებების ათეულში, 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით შვეიცარია მოხვდა.
წლის პირველ ორ თვეში ქვეყანამ საქონლის ექსპორტით 803 მილიონ 314 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 12.2%-ით ნაკლებია. მთლიან ექსპორტში 1.8%-იანი წილით შვეიცარიას კი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში მეათე ადგილი უკავია. საქსტატის მიხედვით, აღნიშნული პერიოდისთვის ამ მიმართულებით საქონლის რეალიზების მაჩვენებელი არ შეცვლილა და ჯამში საქართველოდან შვეიცარიაში 14 მილიონ 145 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ.
რა გავყიდეთ შვეიცარიაში?
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორი თვეში შვეიცარიაში მთავარი საექსპორტო საქონელი დაუმუშავებელი და ნახევრად დამუშავებული ოქრო იყო. ზოგადად, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით ოქრო ქვეყნიდან დაუმუშავებელი ოქრო იყიდებოდა და მისი რეალიზება ადგილობრივ ექსპორტში გადის. 2024 წლის იანვარ-თებერვალშიც საქართველომ შვეიცარიაში ამ დასახელების საქონლის ექსპორტით 13 მილიონ 154 დოლარის შემოსავალი მიიღო.
მცირე რაოდენობით, თუმცა ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ვხვდებით სუნამოებისა და ტუალეტის წყალს, რომლის გაყიდვებით წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანამ მხოლოდ 343 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. შვეიცარიაში ასევე გაყიდეთ 318 ათასი დოლარის ღირებულების 40 ტონა თხილი და კაკალი, 192 ათასი დოლარის ღირებულების 1 ტონა კოსმეტიკური საშუალებები და 99 ათასი დოლარის საზომი და საკონტროლო ხელსაწყოები. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი წარმოების ყურძნის ღვინოები, რაც ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელია, შვეიცარიაში ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება. წელს 16 ათასი დოლარის ღირებულების 1 ტონა ღვინო გაიყიდა.
2024 წლის იანვარ-თებერვალში შვეიცარიიდან იმპორტიც გაიზარდა და ჯამში 27 მილიონ 499 ლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ, რაც წლიურად 14.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ყველაზე მსხვილი სასაქონლო ჯგუფი, რომელიც ამ პერიოდში შვეიცარიიდან შევიძინეთ, ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტებია, რომლის იმპორტის ღირებულებამ 13 მილიონ 855 ათასი დოლარი შეადგინა. კიდევ ერთი საქონელი კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომლის ღირებულებამ 5 მილიონ 532 ათასი დოლარი შეადგინა. იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ვხვდებით ასევე მანქანებსა და სპეცდანიშნულების მექანიკურ მოწყობილობებს, გამომთვლელ მანქანებსა და მათ ბლოკებს, რეზინის პნევმატურ სალტეებს და საბურავებს და ა.შ.