კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ სააგენტოს ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა. მიმდინარე წლის აგვისტოში, GCCA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ჯამში 560 ათასი ლარით დააჯარიმეს.
"ოთხი კომპანიის შემთხვევაში დარღვევა დადგინდა. სანამ რეფერენტული ფასების სისტემა დაინერგებოდა აღნიშნული კომპანიები საკმაოდ მაღალი ფასნამატით ოპერირებდნენ. ჩვენს მიერ დადგენილი იქნა ჭარბი ფასი, რომლის მაჩვენებელი დაახლოებით 180-200%-ის ფარგლებში იყო. ეს იყო ძალიან ცნობილი მედიკამენტები და როდესაც მოვითხოვეთ აღნიშნული კომპანიებიდან ხარჯთაღრიცხვა, შეტანილი იყო ისეთი ტიპის დანახარჯები, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის ამ მედიკამენტების მარკეტინგულ აქტივობებთან. ეს იყო მაგალითად სამკაულების, სტომატოლოგიური და კოსმეტიკური მომსახურებების ხარჯები, ძვირად ღირებულ სასტუმროებში განთავსება; კონფერენციების მოწყობის ხარჯი და ა.შ. რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ პრაქტიკულად ეს პრობლემა მოხსნა, თუმცა ჩვენ ამ პროცესის დაწყებამდე ეს შევისწავლეთ. მინდა გითხრათ, რომ დავაჯარიმეთ ოთხი კომპანია ჯამში 560 ათასი ლარით. ორმა კომპანიამ აღნიშნული ჯარიმა უკვე გადაიხადა ბიუჯეტში, ორმა გაასაჩივრა და ბუნებრივია, პროცესი გაგრძელდება სასამართლოში", - განაცხადა ლექვინაძემ "ანალიტიკაში".
კითხვაზე ხომ არ აპირებს კონკურენციის სააგენტო სახელმწიფო საწარმოებშიც მოკვლევის დაწყებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ღიად დაიწყო საუბარი აქ კორუფციულ და ნეპოტიზმის სქემებზე. ლექვინაძე ამბობს, რომ მოკვლევა მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში დაიწყება.
"კონკურენციის სამართალი, ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების თუ ადმინისტრაციული ორგანოების საკითხის განხილვას და მოკვლევის დაწყებას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოგვმართავს მოთხოვნით რომელიმე ეკონომიკური სუბიექტი. ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს საქართველოში არსებული კონკურენციის შესახებ კანონი. რაც შეეხება სისხლის სამართლის თემებს, ეს ჩვენი ნაწილი არ არის", - ამბობს ლექვინაძე.




























