კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ოთხი ფარმაცევტული კომპანია ჯამში 560 ათასი ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმებულები არიან:
- შპს გლობალ ცბს - 249 144 ლარით;
- შპს კონცეპტ ფარმა, - 21 646 ლარით;
- შპს რიჩ გრუპი - 77 936 ლარით;
- შპს გეა -210 632 ლარიით;
საჯარო რეესტრის თანახმად, შპს გლობალ ცბს -ს ინდოეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული კომპანია. კომპანიის დირექტორი შამიმ შავლია, რომელიც კომპანიის 50%-იან წილსაც ფლობს. 50%-იანი წილის კიდევ ერთი მფლობელი ასევე ინდოეთის მოქალაქე რუმაისა შამიმია.
შპს კონცეპტ ფარმა - კომპანიის დირექტორი ლაშა კვარაცხელიაა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - მარინე ყავლაშვილი.
შპს რიჩ გრუპის დირექტორია ალტუნ ასკეროვი. კომპანიის ერთადერთი მესაკუთრე აზერბაიჯანის მოქალაქე აზარ მაჰმუდოვია.
შპს გეას დირექტორი ირინა ჭელიძეა. კომპანიის მესაკუთრეები არიან: ირინა ჭელიძე - 33.5%; ხათუნა მანჯგალაძე - 33.5%; ანა გველესიანი - 25%; ირინე კაპანაძე - 8%.
სააგენტოს ცნობით, მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყეს. საკითხი ეხება - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას.
GCCA-ს გადაწყვეტილებით, 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%) + ფასნამატი (20%-ზე მეტი). სააგენტოს განცხადებით, დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, 4 კომპანიის ჯარიმის მოცულობამ ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიები შემდეგი მედიკამენტების გამო დაჯარიმდნენ:
შპს გლობალ ცბს, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10;
შპს კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქაზოლი;
შპს რიჩ გრუპი, მედიკამენტი - ზინასენი;
შპს გეა - მედიკამენტები - ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ;
სააგენტოს ინფორმაციითვე, მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირად ღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.
GCCA-ს შეფასებით, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა.




























