აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ რუსეთი ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას აგრძელებს. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად მიიღოს ის, რასაც საჭიროდ თვლის.
"რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის ორმაგი სტანდარტით გამოირჩეოდა. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად გაინაღდოს ის, რასაც საჭიროდ თვლის. რუსეთს, ერთი მხრივ, საქართველოსთან, მათ შორის, აფხაზეთზე, შერბილებული მიდგომა აქვს, მეორე მხრივ, ის აფხაზეთში აკეთებს იმას, რაც მას უნდა. ეს მისი პოლიტიკაა.
- გამოდის, ორმაგი სტანდარტით თბილისი და სოხუმი თავისკენ მიჰყავს?
- კი, ბატონო. შეიძლება, ასე ითქვას", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ BMG-სთან.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ერთ-ერთი პროპაგანდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მმართველი გუნდის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები დინამიკურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად.
"ვინც ამას ამბობს, ალბათ, გულისხმობს, რომ, შესაძლოა, მსოფლიოში მოვლენები ისე განვითარდეს, რომ რუსეთს აფხაზეთისთვის არ ეცალოს და როცა რუსეთს არ ეცლება, ჩვენ ამისთვის მზად ვიყოთ. ზოგადად, წლებია ვამბობ, რომ აფხაზებთან მოლაპარაკებები საჭიროა. წინასწარ უნდა ვიცოდეთ, თანაცხოვრების პერიოდში რაზე ვთანხმდებით, თორემ ხვალ რომ [აფხაზეთის] დაბრუნების დღე დადგეს, ამ საკითხების გარკვევას, წლები დასჭირდება", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.