საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.
ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება.
უწყების ცნობით, ახალი სივრცე, რომელსაც აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტი სკოლას სრულიად უსასყიდლოდ დაუთმობს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა N10 საჯარო სკოლის მშობლებთან ერთად დაათვალიერა.
"N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები N22 საჯარო სკოლის კონკრეტულ ფლიგელში სწავლობდნენ, სადაც შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით გაიგზავნა მოთხოვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დასკვნის მიღებამდე მოსწავლეები რამდენიმე დღით დაუყოვნებლივ გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. პარალელურად, სამინისტრო აქტიურად მუშაობდა N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ალტერნატიული ფართის უზრუნველსაყოფად. განხილულ იქნა 10-მდე ვარიანტი და შეირჩა საუკეთესო შენობა, რომელიც აკმაყოფილებს სწავლა-სწავლების პროცესის სტანდარტებს და ადგილმდებარეობის კუთხით მისაღებია მშობლებისთვის.
ამ ეტაპზე, სკოლის დირექციის მხრიდან, სამინისტროს დახმარებით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ორშაბათიდან, N10 საჯარო სკოლის მოსწავლეების სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ", - წერია განათლების სამინისტროს პრესპრელიზში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები რამდენიმე დღის განმავლობაში სკოლის ახალი შენობის მშენებლობის დაჩქარების მიზნით დადიანის ქუჩას კეტავდნენ. მე-10 სკოლა უკვე წლებია დანგრეულია, რომლის ადგილას ახალი აქამდეც უნდა აშენებულიყო. მოსწავლეები კი დროებით წერეთელზე მდებარე 22-ე სკოლაში იყვნენ გადაყვანილი, თუმცა იმის გამო, რომ შენობას ბზარი გაუჩნდა, უსაფრთხოების მიზნით, მათი გამოყვანა იქიდანაც გახდა საჭირო. ამის გამო, ისინი ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანეს. სწორედ ეს გახდა მშობლების მხრიდან პროტესტის გამძაფრების მიზეზი.
გუშინ, 29 ოქტომბერს, "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მეათე საჯარო სკოლის სამშენებლო პროექტის დასრულება მაქსიმალურად მოკლე ვადაში იგეგმება. როგორც სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში აღნიშნა, უწყება პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.
„მეათე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით პროექტი უფლებამონაცვლეობით არის გადმოცემული. კონტრაქტით დასრულების ვადა 2026 წლის მაისია, თუმცა პრობლემა არსებობს სპორტული მოედნის ნაწილში მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს გარკვეული იურიდიული სირთულეები აქვს. კონტრაქტორი კომპანიაც ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს, რის გამოც დამატებით ნაბიჯებს ვდგამთ. გვესმის მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა. ვეცდებით, რომ პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“, - განაცხადა სოხაძემ.




























