მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ორთაჭალა

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მათ შორის ერთი ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ძირითადად დევნილები ცხოვრობენ. აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.

„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით შემოვიდა ინფორმაცია, თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების გამოცხადდნენ ადგილზე. ერთი შეხედვით ბუნებრივი აირის არსებული ქსელი ნორმის ფარგლებშია, რაც გარედან ვიზუალურად ჩანს“, - აცხადებენ თბილისი ენერჯიში.

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა და ისინი მკურნალობას კლინიკაში გადიან.

„უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც აფეთქება გამოიწვია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ საავადმყოფოში მყოფი დაშავებულებიც მოინახულეს. მისი ინფორმაციით, 4 დაშავებულიდან ერთი ბავშვია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები