გრაცის “შტურმს” ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს, ამ უდიდეს წარმატებაში კი ყველაზე დიდი წვლილი ქართველ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს აქვს შეტანილი.
ჩემპიონატში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი გუნდების პრეზიდენტები, მწვრთნელები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. საბოლოო შედეგების მიხედვით კიტეიშვილმა ვენის “რაპიდის” მარკო გრულსა და თავის თანაგუნდელ ალექსანდერ პრასს აჯობა.
ავსტრიული ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც გადამწყვეტი როლი შეასრულა გუნდის წინსვლაში.
"ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივია, ძალიან გახარებული ვარ. ეს იმ დიდი შრომის შედეგია, რომელიც პირადად მე და მთლიანად გუნდმა მიმდინარე სეზონში გავწიეთ. როდესაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადმოგეცემა, შეუძლებელია, კარგ განწყობაზე არ დადგე, თუმცა, მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგანაც მომავალ უქმეებზე უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს. აი, იმ მატჩის შემდეგ კი, ზეიმის დაწყება ნამდვილად შეგვეძლება" - განაცხადა კიტეიშვილმა.
“შტურმს” გადამწყვეტი შეხვედრა 19 მაისს კლაგენფურტის “აუსტრიასთან” ელის და გამარჯვების შემთხვევაში 13 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლებს ჩემპიონობის მოპოვებას. სამწუხარო ფაქტია, რომ მატჩს ოთარ კიტეიშვილი დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, რადგან გასულ სეზონში მან 3 შეხვედრა გამოტოვა და სამივე შეხვედრა “შტურმმა” დათმო.
წელს გრაცელებმა ავსტრიის თასის მოგება მოახერხეს და კვირას გამარჯვების შემთხვევაში საშინაო დუბლის შესრულება შეეძლებათ. დიდია იმის ალბათობაც, რომ ოთარ კიტეიშვილი ამჟამინდელი კლუბის მაისურით ვეღარ ვიხილოთ, რადგან მას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერაც უცნობია გაახანგრძლივებს თუ არა ის ხელშეკრულებას.




























