ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი იმ მიზეზებს ასახელებს, რაც მისი თქმით, მიუთითებს, რომ ქვეყანაში რეალური ეკონომიკური ზრდა არ არის და რიცხვები მხოლოდ "ქაღალდზე" რჩება. ამ ფაქტორებს შორის ის უმუშევრობის გაზრდილ მაჩვენებელს ასახელებს, ასევე საუბრობს სიღარიბის დონეზე, რის გამოც საარსებო შემწეობას სახელმწიფოსგან 700 ათასზე მეტი ადამიანი იღებს.
გიორგი ხიშტოვანი ამ პოსტით ეხმაურება დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეკონომიკური ზრდა წელს IMF-ის განახლებულ პროგნოზს გადააჭარბებს.
"ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, "ქართულმა ოცნებამ" ეროვნულ ბანკს იმ 670 მილიონი ლარისთვის უნდა უთხრას მადლობა, რომელიც წელს მაისში მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა მისგან დივიდენდების სახით და რისი საშუალებითაც მოახდინა 6 თვის საბიუჯეტო გეგმის შესრულება.
რაც შეეხება რეზერვების შევსებას, ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში, საბანკო სექტორში ჭარბი დოლარის გაჩენის, დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელების და რეგულატორული ცვლილებების შედეგებია (მაგ. საბანკო დეპოზიტები დოლარში უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე დოლარში დაკრედიტება; შესაბამისად, ამ ჭარბ დოლარს ყიდულობს ახლა ეროვნული ბანკი); ეკონომიკურ აღმავლობასთან ამას საერთო არაფერი არ აქვს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, პირველ რიგში, ჩემი აზრით, ამ ზრდის მინიმუმ მესამედი მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს (კონკრეტულად, ICT სექტორში, სადაც საერთაშორისო საწარმოები საქართველოდან ახორციელებენ პროექტებს უცხოეთში და ყველაზე კარგ შემთხვევაში, ქართველი და რუსი დასაქმებული იღებდნენ აქედან ხელფასს და ხარჯავენ მას საქართველოში; ოღონდ არა მგონია, წელს ამ მხრივ, უფრო მეტი ადამიანი იღებდეს ხელფასს; პირიქით, მაგ. შარშან კლების ტენდენცია იყო და სავარაუდოდ, ეს ტრენდი წელსაც გრძელდება).
ხოლო რატომ არის ეს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ქაღალდზე?
• ეკონომიკური ზრდის ხარჯზე წელს ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება (უმუშევრობა გაზრდილია წელს საქართველოში);
• არც საკმარისი გადასახადები არ იკრიფება ბიუჯეტში (წინა სამ წელთან შედარებით, აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი განახევრებულია და არსებული მდგომარეობით, ან შესრულდება წელს საგადასახადო გეგმა ან არა);
• რეალური სიღარიბე არ მცირდება ქვეყანაში (წელს უფრო მეტი ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, ვიდრე შარშან იღებდა); ჯამში, შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ წელს 700 ათას ადამიანს გადააჭარბა და მოსახლეობის თითქმის 20% შემწეობის მიმღებია; (ამ დროს, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სიღარიბე ქვეყანაში 10%-მდე დაბლა ჩამოვიდაო და აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს იშველიებს);
• ინფლაცია გაიზარდა 4,6%-მდე (სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე საერთოდ 10%-იანი ინფლაცია გვაქვს); ამხელა ინფლაცია ქვეყანაში ბოლოს 2023 წლის მარტში, ანუ 2,5 წლის წინ გვქონდა;
• დამატებით, რეალური იმპორტის ზრდის ტემპია მნიშვნელოვნად შენელებული, რაც ქვეყანაში მოხმარების შემცირებაზე მეტყველებას; ხოლო FDI წელს პირველ 6 თვეში წინა წელთან შედარებით თითქმის 18%-ით არის შემცირებული.
რომ შევაჯამო, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მხრიდან გრძელდება ცალმხრივად, დამახინჯებულად და არაზუსტი ინტერპრეტაციით ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის აღწერა; ამავე დროს, მთავრობის სხდომებიდან ამ ნარატივის გავრცელების გამო, ბევრი მნიშვნელოვანი აქტორი შემდეგ თავს იკავებს, დაგროვებულ პრობლემებზე ღიად საუბარს. ამ დროს, სიტუაცია მძიმდება, პრობლემები გროვდება და სავარაუდოდ, მოსახლეობაც უკვე გრძნობს ამ დამძიმებულ მდგომარეობას საკუთარ თავზე", - წერს ხიშტოვანი Facebook-ზე.
დღეს, 8 სექტემბერს, "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდის არსებული ტემპით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადაჭარბებით შეასრულებენ. სავალუტო ფონდმა დაახლოებით 1 თვის წინ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა.




























