მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" ეუბნება აბიტურიენტებს: უფასოდ ისწავლით, მაგრამ მე გატარებთ ხელით და მიგითითებთ" - იაგო კაჭკაჭიშვილი

სოც

სოციოლოგი, თსუ-ის პროფესრი იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მომზადებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ფარგლებში დაანონსებულ "უფასო სწავლას" აკრიტიკებს.

"ოცნება" ეუბნება აბიტურიენტებს: უფასოდ ისწავლით, მაგრამ მე გატარებთ ხელით და მიგითითებთ" - წერს პროფესორი facebook-ის პირად გვერდზე.

საქმე ის არის, რომ 2026-2027 წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, ახალი მოდელი ასე ჩამოყალიბდება:

  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის იქნება უფასო, უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას.
  • კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ.

"უფასო სწავლის" შესახებ იაგო კაჭკაჭიშვილის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ქართულმ ოცნებამ" უფასო სწავლა დააბრუნა უნივერსიტეტებშიო, გვიმტკიცებენ და გაუთვითცნობიერებელი საზოგადოება აღფრთოვანებულია.

ახლა ვნახოთ, რა გარემოებებში ბრუნდება ეს უფასო სწავლა“:

1. აბიტურიენტს, რომელიც ცხოვრობს რომელიმე ქალაქში, არ შეეძლება აირჩიოს, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის იმავე ქალაქში რაიმე სპეციალობის დასაუფლებლად. მან აუცილებლად უნდა ჩააბაროს ქალაქის (ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ) ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. (მაგალითად, თუ თბილისში მცხოვრებელ სტუდენტს სურს, გახდეს იურისტი, მან აუცილებლად უნდა ისწავლოს თსუ-ში, სხვაგან თბილისში ვერ ისწავლის სამართალს).

2. აბიტურიენტს, თუ სურს სწავლა გააგრძელოს კერძო უნივერსიტეტში, უმაღლეს დონეზე მისაღები გამოცდების ჩაბარების შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო არაფრით დაეხმარება, გრანტს ვერ მიიღებს.

3. რადგან ქალაქის მასშტაბით პროფესიის მიღების შესაძლებლობები მცირდება (ადრე, თუ, მაგალითად, თბილისის 4 უნივერსიტეტში ისწავლიდი სოციოლოგიას, ახლა მხოლოდ ერთში ისწავლი), მისაღები კონტინგენტიც შემცირდება, რადგან ერთ რომელიმე უნივერსიტეტს არსებული მოთხოვნის მიწოდება არ შეეძლება.

მაშასადამე, სინამდვილეში, "ქართული ოცნება" ეუბნება აბიტურიენტებს: უფასოდ ისწავლით, მაგრამ მე გატარებთ ხელით და მიგითითებთ, სად უნდა ისწავლოთ! ანუ, მარიონეტები იქნებით, მაგრამ სამაგიეროდ უფასოდ ისწავლით; თანაც, შეიძლება ვერც ისწავლოთ, რადგან ადგილები შეზღუდულია!", - წერს თსუ-ის პროფესორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები