მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოცნება“ ID ბარათებზე თითის ანაბეჭდებს, CAN კოდს და QR-ს ამატებს – კანონი დაჩქარებული წესით განიხილება

პირადობის მოწმობა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, დაჩქარებული წესით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც საქართველოს მოქალაქის პირადობისა (ბინადრობის) და პასპორტის გაცემის წესს ცვლის.

კანონი პარლამენტმა I მოსმენით 76 მომხრე ნული წინააღმდეგი უკვე მიიღო.

ცვლილებები ძირითადად დოკუმენტების ბიომეტრიული მონაცემებით და ტექნიკური მახასიათებლებით გაძლიერებას ითვალისწინებს.

კანონის ძირითადი ნაწილი, რომელიც ახალი თაობის დოკუმენტებს შეეხება, 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

დაგეგმილი ცვლილებებით, ელექტრონული პირადობის (ბინადრობის) მოწმობები და პასპორტები დაემატებათ უსაფრთხოების ახალი ელემენტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან (მათ შორის, ევროკავშირის რეგულაციებთან) შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად:

  • თითის ანაბეჭდი: პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე სავალდებულო გახდება თითის ანაბეჭდის დატანა.
  • CAN კოდი (Card Access Number): დაემატება სპეციალური კოდი, რომელიც გამოყენებული იქნება უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემების ამოკითხვისთვის. ეს ფუნქცია ასევე დაემატება პასპორტებს.
  • QR კოდი: პირადობისა და ბინადრობის მოწმობაზე დაიტანენ QR კოდს. ეს მოქალაქეს, მისი თანხმობით, საშუალებას მისცემს, ინფორმაცია გადაამოწმოს საკუთარი სტატუსის შესახებ (მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის ან სტუდენტის სტატუსი).

კანონპროექტით დგინდება ახალი ნორმაც, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს საშუალება ექნება: შეცვალოს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი, თუ მისი მოქმედების ვადა 6 თვეზე ნაკლები დარჩება.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებების საჭიროება გამოწვეულია ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოძველებით, რომელიც ვეღარ პასუხობს თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებსა და ICAO 9303 სტანდარტებს.

კანონის დაჩქარებული წესით მიღება უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა დროულად გადავიდეს ახალ, ტექნოლოგიურად გაუმჯობესებულ დოკუმენტაციის სისტემაზე.

"ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი დგებუაძემ კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას თქვა, რომ ცვლილებების საჭიროება განაპირობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკისა და ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის მოძველებამ. როგორც მან აღნიშნა, არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ბინადრობის დოკუმენტების მოქმედების ვადები:


– მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულზე 5 წლით.
– დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირებზე მაქსიმუმ 4 წლით, 18 წელს მიღწეულებზე მაქსიმუმ 5 წლით.

•სამხედრო აღრიცხვა: კანონში ცვლილება ითვალისწინებს სამხედრო აღრიცხვაზე მონაცემების წარდგენის რეგულაციის თავდაცვის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის ახალი დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები უკვე დამტკიცებულია 2025 წლის მარტსა და აპრილში იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით. ახალი ბლანკები და მიკროსქემები თანამედროვე უსაფრთხოების ნიშნებს მოიცავს.

კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ახალ ფორმატზე გადართვა 2026 წლის 1 ივლისიდან. როგორც სამინისტრო განმარტავს, ეს ვადები უზრუნველყოფს არსებულ ბლანკთა მარაგის სრულ გამოყენებას და ტექნიკური პროცედურების დროულ გავლას. BM.GE-ს იუსტიციის სამინისტროში უთხრეს, რომ ცვლილებები ახალი პირადობის გაცემის კიდევ ერთხელ გადავადებას არ გამოიწვევს.

პირადობის მოწმობების განახლება კიდევ ერთხელ, 2025 წლის 22 დეკემბრამდე გადავადდა. განახლებული ID ბარათების გაცემა 3 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31 ოქტომბრის დადგენილებიდან ხდება ცნობილი.

მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით პირვანდელი რედაქციით 1-ელ ივნისს უნდა აეღოთ. შემდეგ ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია, შემდეგ 2 თვით 2 ოქტომბრამდე. საბოლოო რედაქციით გარდა პირადობისა, სხვა დოკუმენტების გაცემა ნამდვილად ოქტომბერში დაიწყო, თუმცა პირადობის მოწმობების განახლების ვადად ნოემბრის დასაწყისი განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები