მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების აკრძალვის შემდეგ „ქართული ოცნება“ ონალაინ მედიის დაფინანსების რეგულირებასაც განიხილავს. ამის შესახებ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი ძალის დეპუტატებმა ისაუბრეს.
„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას საკითხთან დაკავშირებით პირველი დამაზუსტებელი კომენტარი რატი იონათამიშვილმა გააკეთა, რომელმაც ყურადღება მაუწყებლების ონლაინ მედიის არხების დაფინანსების რეგულირებაზე გაამახვილა
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების აკრძალვაზე, ხდება თუ არა მათ შორის მაუწყებელთა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხები... მოგეხსენებათ სატელევიზიო მაუწყებლების გარდა, ცალკეულ მედია ორგანიზაციებს ასევე ინტერნეტმედიის საკომუნიკაციო არხები აქვთ, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით და როდესაც აქ საუბარია მაუწყებელზე, მის ნებისმიერ საკომუნიკაციო არხზეა საუბარი. არა რომელიმე კონკრეტულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო არხს, არამედ მედიას ეხება ეს რომელიც მაუწყებლობას ეხება... ამის დაზუსტება მინდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მის დაზუსტებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განავრცო. მან თქვა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ონლაინ მედიებს არ ეხება.
„წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ მაუწყებლებზე ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მაუწყებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა დაფინანსდნენ უცხოური ძალიდან, უცხოეთიდან, რასაც თავისი ახსნა და ლოგიკა აქვს. ზუსტად ამავე ლოგიკიდან გამომდინარე შესაძლებელია უცხოურმა ძალებმა დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ონლაინ მედია, მათ შორის თავისი ძირგამომთხრელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამისად, ხომ არ უნდა იყოს აქაც იმდაგვარი რეგულაცია, რომ რასაც პოპულარულ ენაზე ონლაინ მედიას ვუწოდებთ ხოლმე, მათზეც გავრცელდეს ანალოგიური შეზღუდვა, თუნდაც აკრედიტაციის ან რეგისტრაციის გამარტივებულ ფორმებთან დაკავშირებით რომ იყოს ჩანაწერი, ამავდროულად პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმა გათვალისწინებული იმ მედიებისთვის, რომლებიც თავს არიდებენ, რომ თანხები იყოს გამჭვირვალე, ამავდროულად არ იღებდნენ შემოსავალს უცხოეთიდან“, - იკითხა გორდულაძემ.
თანაპარტიელის „იდეა და სულისკვეთება“ რატი იონათამიშვილმა გაიზიარა და განაცხადა: „როდესაც მედია უცხო ძალის მხრიდან ფინანსდება, ეს, როგორც წესი, ადგილობრივი დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დეზინფორმაციისა და მანიპულაციების გასავრცელებლად გამოიყენება. მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ეროვნული დემოკრატიების დასაცავად და უცხოური ძალების მხრიდან დაფინანსება ხდება „რბილი ძალის“ გატარების ინსტრუმენტი. სულისკვეთებას, იდეას ვიზიარებ, უბრალოდ ამ საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებას სჭირდება ცვლილებები სხვადასხვა კანონებში, ანუ პაკეტის სახით შემუშავება, ამიტომ ამ საკითხის ინტეგრირება [მაუწყებლობის კანონში] დღეს გაგვიჭირდება, მაგრამ გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, რომ კანონშემოქმედებით პროცესზე ვიმუშაოთ ამ საკითხის დარეგულირებაზე“.
ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მაუწყებლების დაფინანსების რეგულირების ონლაინ მედიაზე გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. მან აღნიშნა, რომ ეს კომპლექსური საკითხია, რომელიც მუშაობას მოითხოვს.
„ჩვენ ამ მხრივ რამდენიმე გამოწვევა გვაქვს. ერთი მხრივ სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა მივცეთ, მეორე არის ის რომ მიზანი იქნეს აღსრულებული. საკითხი ძალიან კომპლექსურია და ჩვენ ბევრი მიმართულებით გვჭირდება გადაწყვეტა. უნდა იყოს თუ არა, კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული სამსახურის ქვეშ ონლაინ მედია? სამსჯელო თემებია. არაა მარტივი, ფართო თემაა და ალბათ, ერთ-ერთი პირველები უნდა ვიყოთ, ვინც ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, — დასძინა მდინარაძემ.