მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა 2 საკითხი დასვეს, რასაც გავითვალისწინებთ - მდინარაძე "რუსულ კანონზე"

ქართული ოცნება
11.04.24 13:45
289

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტების თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ორი საკითხი დააყენეს, რომელსაც მმართველი პარტია გაითვალისწინებს. როგორც მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრას ესწრებოდა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც თვითმმართველობა ჰყავს.

ცნობისთვის, შეხვედრა პარლამენტში გაიმართა და ის მედიისთვის დახურული იყო.

„არ ყოფილა საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე არ შევეხეთ. კანონპროექტთან დაკავშირებით, მის პრინციპებთან, საჭიროებებთან დაკავშირებით, იმაზე, თუ რატომ ახლა; რეალურად რომელ ქვეყნებში, რა წესით მოქმედებს. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტმა ძალიან იაქტიურა, ბევრი კითხვა დასვა, საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარეთ და რაც არ მოფიქრებია არცერთ ოპონენტს. ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რისი არგაზიარებაც არ შეიძლება. ერთი შეეხება იმას, რა ცვლილება უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო, დავეთანხმე და ამ ცვლილებას შევიტანთ - ჩანაწერის მერვე პუნქტში სიტყვა „მინიშნება” შეიცვლება „ინფორმაციით”, რომ სპეკულაცია არავინ მოახერხოს. მათ ჰქონდათ ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები. მეორე საკითხია დაფინანსებასთან დაკავშირებით - ახალგაზრდებთან დაკავშირებით შიდა გრანტები კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან მსგავსი საუბარი. იმდენად კარგი და პოზიტიურია, რომ მათი აზრი ამას ემთხვევა, რომ ამის არგაზიარება არ შეიძლება. ყველა კითხვაზე გავეცით პასუხი. იმდენად დეტალურად არიან გათვითცნობიერებული არა მხოლოდ ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არამედ, უცხო ქვეყნის პრაქტიკაშიც, რომ შეუძლიათ სხვა ქვეყნის პრაქტიკაზეც დეტალურად ისაუბრონ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ ახალგაზრდებმა ყველა ის კითხვა დასვეს, რაც საზოგადოებას აქვს.

მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე დაისვა კითხვა, თუ რატომ იყო აუცილებელი ახლა ამ კანონპროექტის წარდგენა.

„ამასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მხრიდან არის პირობა, რომ ჩვენ კანონს არ დავაბრუნებთ, მეორე მხრივ, არის მათი დათქმა, მოცემულობა, ყველა „მესიჯი” რომ ისედაც გამჭვირვალეა და ამ დროს კიდევ უფრო გაუმჭვირვალეა ფინანსები, რომელიც „ენჯეო” სექტორში და მედიაში იხარჯება, კიდევ უფრო მეტ „შავ ფულზეა” საუბარი. არაერთი მაგალითი საჯაროდაც დავასახელეთ, სადაც ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სამი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა და არავინ იცის, რომელი იყო მართალი. დღესაც, როდესაც კამპანია მიდის ამ კანონპროექტის წინააღმდეგ და რომელსაც ასეულობით ათასი და შეიძლება მილიონობით ლარი ან დოლარი სჭირდება, ამას ვინ აფინანსებს?!”- განაცხადა დეპუტატმა.

ბოლო 10 წელიწადში მთავრობამ დონორებისგან 2.4 მილიარდი ლარის გრანტები მიიღო

უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი

მუხლი 8. მონიტორინგი

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა  მონიტორინგი (შემდგომ  მონიტორინგი).
2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.
6. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები