მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში უნდა მიიღებოდეს - მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნება

საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში უნდა მიიღებოდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც ჩვენ, დამოუკიდებელი - ხაზგასმით ვამბობ, დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას, გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ ნარატივებით დაგვიპირისპირდება. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ „ნაცობა“, როგორც აგენტურული, ბნელი და სისხლიანი იდეოლოგია, საბოლოოდ დამთავრდეს და გასამართლდეს.

დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა, მისი შემდგომი განვითარება და თავისუფლება ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან, რაც, არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ, ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ იმგვარად გაძლიერება, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოში მიიღებოდეს!

ერთია არსებული რეალობა და მეორეა საქართველოს წინააღმდეგ მომართული ცრუ კამპანია, თუმცა ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ, მაგალითად, ევროკავშირის ფაქტორი, ნაცვლად კეთილსინდისიერი მიზნებისა, ვინმემ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ წელს, იმ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებს.

აი, ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად ჭირდებათ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები