"საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნება" რუსული კანონის მძევალიც არის", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, გურამ იმნაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს კანონი ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის კრიტიკული, თავისუფალი, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების იმ ფორმით გაგრძელებას, როგორითაც ისინი აქამდე მუშაობდნენ.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას ბოლო რამდენიმე წელი, კანონის გარეშეც უკვე ჰქონდა სამოქალაქო თავისუფალი, დემოკრატიული სივრცეების შეზღუდვა დაწყებული. თუმცა აღნიშნულს არაფორმალური სახე ჰქონდა. "რუსული კანონის" მიღებით კი, შეზღუდვებმა კანონის ჩარჩო მიიღო.
„თუკი მანამდე არაფორმალურად ხდებოდა შეზღუდვები, ამან ახლა უკვე საკანონმდებლო ჩარჩო მიიღო. ხელისუფლებამ მონიტორინგის მექანიზმისთვის დაიტოვა ღიაობა. ვფიქრობ, მათ არ უნდათ ბოლომდე რეპრესიული სახე აჩვენონ და ცდილობენ, რბილი ძალითაც რაღაცების კეთებას. საბოლოო ჯამში, "ქართული ოცნება" ამ კანონის მძევალი არის, იმიტომ რომ ამ კანონის ინიცირებით, იძულებულია იგი აღასრულოს კიდეც. "რუსული კანონის" აღსრულება მხოლოდ სამოქალაქო ან მედია ორგანიზაციებისთვის არ ქმნის პრობლემას, ამ კანონის აღსრულება ხელისუფლებისთვისვე ქმნის პრობლემას, იმიტომ, რომ პირდაპირ პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელია“,- აცხადებს იმნაძე.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის „რუსული კანონი“ პოლიტიკური ტვირთი და პასუხისმგებლობაა.
ინფორმაციისთვის, ე.წ "რუსული კანონი" მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. "ქართული ოცნება" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს დღეიდან უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციისკენ მოუწოდებს. ამისთვის ვადა თვის ბოლომდეა. რეგისტრაციისა და დეკლარაციის წარდგენაზე უარის თქმა 25 ათას ლარიან ჯარიმას იწვევს.