ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებასა და მოპოვებას საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს.
78 ხმით მიღებული ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და მათი მიზანი საქართველოში ბუნებრივი წყალბადის მოპოვების ხელშეწყობაა — რესურსისა, რომლის გამოყენება გლობალურად მზარდ ტენდენციად განიხილება, თუმცა საქართველოში აქამდე სამართლებრივად დაურეგულირებელი რჩებოდა.
რას ითვალისწინებს ცვლილებები
ახალი საკანონმდებლო ჩარჩო შესაძლებელს ხდის, ინვესტორებმა ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების პარალელურად, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებიც განახორციელონ — იმავე გენერალური ლიცენზიის ფარგლებში.
გარდა ამისა, კანონპროექტი სახელმწიფო ნავთობის კომპანიას ანიჭებს უფლებას, სახელმწიფოს სახელით იმოქმედოს როგორც ინვესტორი და მოპოვება აწარმოოს იმ სალიცენზიო ბლოკებზე, რომლებიც თავისუფალია.
კანონის თანახმად:
- ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განმარტება პირველად გაჩნდა ქართულ სამართალში;
- ლიცენზიის მფლობელს ეძლევა უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან ერთად აწარმოოს წყალბადის ძებნა და მოპოვება;
- მოპოვებული წყალბადი სრულად გადაეცემა ინვესტორს, განსხვავებით ნავთობისა და გაზისგან, სადაც სახელმწიფო წილობრივი სქემით იღებს პროდუქტს.
სტრატეგიული სტატუსი და რეგულირების ხარჯი
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტს მიენიჭება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი — შესაბამისი განკარგულებით მთავრობის მხრიდან — ნავთობის ეროვნული კომპანია შეძლებს, დამოუკიდებლად აწარმოოს ოპერაციები.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს ბიუჯეტზე დადებითი გავლენა ექნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების სახით (1000 კუბურ მეტრ წყალბადზე 2 ლარი), მის ამოქმედებას თან ახლავს ხარჯვითი გავლენაც — საჭირო გახდება სპეციალისტების გადამზადება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
რა არ იცვლება
ცვლილებები არ გულისხმობს ახალი ლიცენზიის შემოღებას — ინვესტორებს ბუნებრივი წყალბადის მოპოვების უფლება უკვე მოქმედი გენერალური ლიცენზიის ფარგლებში ენიჭებათ. შესაბამისად, არ იზრდება სალიცენზიო მოსაკრებელიც, რომელიც კვლავ 22 000 ლარს შეადგენს.
კანონპროექტის ავტორები არიან ეკონომიკის სამინისტრო და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“, ინიციატორი — საქართველოს მთავრობა.