მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ოცნებამ“ ფასებთან ბრძოლაში პიარ კატასტროფა განიცადა და ახლა ბიზნესთან ირიბ გარიგებაზე მიდის - გოგა ხიშტოვანი

გოგა ხიშტოვანი

ეკონომისტი გოგა ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ ფასების შემცირების მიმართულებით დაანონსებულ კამპანიაში წარუმატებლობა განიცადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მიხვდა, რომ რადიკალური ზომებისთვის რესურსი არ აქვს, პროცესი საცალო ვაჭრობის სექტორთან და მწარმოებლებთან ირიბ გარიგებაში გადაიზარდა.

ამ საკითხზე ეკონომისტმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუშვა შეცდომა დავარქვათ ამას ფალსტარტი, როდესაც გამოუცხადა ბრძოლა, ომი ფასებს და ფაქტობრივად დააიდენტიფიცირა ფასების ნაწილში მთავარი, ეჭვმიტანილი საცალო ვაჭრობის ობიექტების სახით.

შემდეგ პროცესმა აჩვენა, რომ

  1. ის არ არის მზად, მიიღოს რადიკალური ზომები და, შესაბამისად, უნდა დაიხიოს უკან;
  2. მას არ აქვს რესურსი, შექმნას ძალიან კომპლექსური მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც შესაძლოა იყოს მოგებიანი, შესაძლოა არ გაამართლოს.

აქედან გამომდინარე, ეს დაანონსებული „ფასების დაკლების კომისია“ გადაიქცა „ფასების შემსწავლელ კომისიად“ და „ქართულ ოცნებას“ გაუჩნდა საჭიროება, ამ შემთხვევაში, სახე შეენარჩუნებინა და ირიბ გარიგებაზე წასულიყო საცალო ვაჭრობის ობიექტებთან და მწარმოებლებთან.

ეს, რასაც ახლა ვხედავთ, სწორედ ამას ეხება. გარიგება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ [ხელისუფლება] აღარ მივიღებთ რადიკალურ ზომებს რაც ირიბად დაანონსდა კიდეც, მაგრამ თქვენ [ბიზნესმა] უნდა ითამაშოთ პასუხისმგებლიანი, სოციალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე აქტორების როლი და ამით ერთად ვცადოთ, რომ გადავფაროთ ეს ფიასკო, თუ პიარ-კატასტროფა, რაც „ქართულ ოცნებას“ დაემართა, ჩემი აზრით, თავისი გაუმართლებელი და გარკვეულწილად არაპროფესიონალური სტარტის გამო“.

ხიშტოვანის განმარტებით, შექმნილ ვითარებაში კერძო სექტორი იძულებულია წავიდეს დათმობებზე, რათა თავიდან აიცილოს უფრო მძიმე ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, რის გამოც დღის წესრიგში ფრანგული თუ ბერძნული მოდელები გაჩნდა.

"ბერძნული კალათა" ეს არის ინფლაციასთან ბრძოლის მექანიზმი, რომელიც საბერძნეთმა 2022 წელს დანერგა. მოდელი გულისხმობს მთავრობასა და მსხვილ სუპერმარკეტებს შორის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესი ვალდებულია პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შეაკავოს.

თუმცა მოდელი ხშირად იწვევს „ჯვარედინ სუბსიდირებას“ — ბიზნესი სოციალურ კალათაზე მიღებულ დანაკარგს სხვა (სიაში არარსებულ) პროდუქტებზე ფასების მომატებით აბალანსებს, რის გამოც მომხმარებლის ჯამური ხარჯი არ მცირდება.

„შესაბამისად, ახლა იმ პროცესში ვართ, როდესაც ყველა აქტორი უპირველეს ყოვლისა, საცალო ვაჭრობის ობიექტები იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ მათთვის შესაძლოა კატასტროფული გადაწყვეტილებები, რაც დააზარალებდა მათაც, მოსახლეობასაც და „ქართულ ოცნებასაც“, ამოისუნთქა და მზად არის, სავარაუდოდ, დიდწილად მაინც სხვა მომხმარებლების ხარჯზე, ჩაერთოს ამ პროცესში.

„ქართული ოცნება“ ქმნის ერთგვარ არაფორმალურ კერძო-საჯარო პარტნიორობას და ეს არის, ასე ვთქვათ, კერძო-საჯარო პარტნიორობის ქეისი, როდესაც იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს სახე და აღარ მოუწიოს უფრო რადიკალური ზომების მიღება, ბიზნესი დათმობაზე მიდის. შესაბამისად, სწორედ ამიტომ იწყება საუბარი ბერძნულ და ფრანგულ მოდელებზე, როგორც გამოსავალზე. ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ იდეა ახალი „სოციალური პაკეტების“ შექმნის შესახებ რეალურად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს, ვინაიდან საცალო ქსელები კონკურენციის გამო ძირითად პროდუქტებს ისედაც მინიმალური მარჟით ყიდდნენ.

„პირველი, ეს არის პოპულიზმი, ჩემი აზრით, და ვეცდები ავხსნა, რატომ სხდომებს, შეიძლება სამწუხაროდ კომისიის წევრებისთვის და სტუმრებისთვის, ჩვენც ვუსმენდით და ვიცით, რომ ფაქტობრივად ყველამ თქვა: ძირითად პროდუქციაზე კომპანიები ისედაც მუშაობენ ყველაზე დაბალ ან უარყოფით მარჟებზე და ამ დანაკლისს აბალანსებენ სხვა პროდუქტებზე გაზრდილი მარჟებით.

შესაბამისად, როდესაც ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს კომპანიები შექმნიან რაღაც სოციალურ ან საოჯახო კალათას, რეალურად, ბიზნესმოდელიდან გამომდინარე და კონკურენციის პირობებში, მათ უკვე ჰქონდათ მსგავსი კალათები შექმნილი.

მაგალითად, ავიღოთ წიწიბურა და ბრინჯი. თუ ვამბობთ, რომ ეს იქნება საოჯახო ან სოციალური კალათის ნაწილი ეს პროდუქტები უკვე იყო ასეთი კალათის ნაწილი, რადგან მათი იაფი ფასი იყო წინაპირობა იმისა, რომ, პირობითად, „ორი ნაბიჯი“ მომხმარებელს წაართმევდა „ნიკორას““.

ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, მაღალი ფასების მიზეზი არა კომპანიების „გადაჭარბებული მოგება“, არამედ სისტემური არაეფექტურობაა.

კომისიის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს „რბილი ჩარევის“ მექანიზმები და მოერიდოს ფასების პირდაპირ ადმინისტრირებას, რადგან ეს ბაზრისთვის დამატებით პრობლემებს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები