"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები ერთპარტიულმა პარლამენტმა მიმდინარე კვირაში დაანიიცირა და 3 დღეში, სამი მოსმენით მიიღო.
შედეგად, აქციის მონაწილეებს პიროტექნიკური ნაწარმის გარდა, ასევე ეკრძალებათ იქონიონ ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, „რომლის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას“.
ასევე, იკრძალება სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, შეკრება-მანიფესტაციების დროს დემონსტრანტებისთვის მხოლოდ პიროტექნიკის ქონა იკრძალებოდა და აკრძალული ნივთების ისეთ ჩამონათვალს, როგორიც არის: - ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება და ცივი იარაღი, პიროტექნიკური ნაწარმიც დაემატა. 11 დეკემბერს, "ოცნების" დეპუტატის, არჩილ გორდულაძის ინიციატივით, ჩამონათვალში მოხვდა ლაზერებიც.
დაჩქარებული წესით მიღებული კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. თუმცა გამოქვეყნებამდე მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, რაც შექმნილი ვითარების ფონზე გამორიცხულია. ამიტომ, სავარაუდოა, რომ მას ხელს შალვა პაპუაშვილი მოაწერს. კანონის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი მიღებულ კანონს 10 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი კანონის მისთვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს.
კანონი მოიცავს, საგამონაკლისო წესს, რომელიც შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
კანონის თანახმად, მანიფესტაციაზე მყოფ იმ პირთა ნუსხას, რომელთაც შეკრების ან მანიფესტაციის მიმდინარეობისას პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვა შეეძლება, აგრეთვე ამ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.
ცნობისთვის, საიამ გამოაქვეყნა სია მიმდინარე კვირაში, როგორია "ოცნების" კანონშემოქმედებით საქმიანობა.
- ცვლილებები შედის:
- საარჩევნო კოდექსში
- საჯარო სამსახურის შესახებ კანონში
- პოლიციის შესახებ კანონში
- შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი
სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები. ასევე, უკვე არსებული სანქციები მკაცრდება.
- სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმა იზრდება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე - ამ მუხლს აქტიურად იყენებენ აქციაში მონაწილე ბაიკერების წინააღმდეგ;
- ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იზრდება 1000 ლარამდე - ამ მუხლს აქტიურად იყენებენ აქტივისტების წინააღმდეგ, მათ მიერ გაკეთებული სტენსილების და სხვა საპროტესტო წარწერების გამო;
- შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება 500 ლარიდან 5000 ლარამდე, ორგანიზატორებისთვის 5000 ლარიდან - 15,000 ლარამდე - ამ მუხლს აქტიურად იყენებენ აქციის იმ მონაწილეების წინააღმდეგ, ვისაც გზის გადაკეტვას ედავებიან;
- შსს-ის უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე წესდება 2000-ლარიანი ჯარიმა და ატრიბუტიკის კონფისკაცია;
- მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). აღსანიშნავია, რომ პოლიცია, როგორც წესი, სწორედ 173-ე მუხლს იყენებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დაკავებისას.
- აქციაზე ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენებისათვის წესდება 2000 ლარიანი ჯარიმა;
- ცვლილებები ასევე აფართოებს იმ საფუძვლებს, რომელთა გამო შესაძლებელია პირის დაკავება, ნივთების ან დოკუმენტების ჩამორთმევა.