მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" მოიპარა არჩევნები და ცდილობს, მოიპაროს უკეთესი ქვეყნის აშენების შანსი - კოტე ვეკუა

კოტე ვეკუა

კივის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია „ნერგეტას“ თანადამფუძნებელ კოტე ვეკუას ეჭვი ეპარება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას არჩევნების წინასწარ შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

„ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა, რადგან ჩემ გარშემო, როგორც სამეგრელოში, ისე თბილისში - თანამშრომლებს, ნათესავებს, კლასელებს, მეზობლებს რა სიტუაციაც არის, იმ სიტუაციის ანარეკლი არ არის ის შედეგი, რომელიც მათ გამოაცხადეს, ამიტომ ჩემი პასუხია, რომ დიახ, „ოცნებამ“ მოიპარა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ჯერჯერობით, ცდილობს მოიპაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფრო უკეთესი, თანასწორი, სამართლიანი საზოგადოების აშენების შანსი, რომელიც მხოლოდ ევროპასთან ერთად არის შესაძლებელი“, - განაცხადა კოტე ვეკუამ და იქვე დასძინა, რომ მზად არის, საკუთარი პროტესტი ბევრჯერ გამოხატოს.

ბიზნესმენის აზრით, საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება მრავალპარტიული ხელისუფლება, ამიტომ „წერტილი უნდა დავუსვათ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“.

ახლაც და წინა ხელისუფლების დროსაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო ერთპარტიული მმართველობა; როდესაც მმართველ ძალას არ აქვს არანაირი შემზღუდავი ფაქტორი და შეუძლია დანიშნო პროკურორის, მოსამართლე და ა.შ. როდესაც არ არსებობს არანაირი ვალდებულების შეგრძნება, როცა გამკრიტიკებელი და გადაწყვეტილებების დამბლოკავი არ ჰყავს ხელისუფლებას... ეგზიტპოლის შედეგებით როგორც გადანაწილდა ამომრჩევლის ხმები, ნიშნავს იმას, რომ ხალხი მზადაა, მრავალპარტიული პარლამენტისთვის, რომ ერთი პარტიის ხელში არ იყოს სასამართლო, ერთი პარტიის ხელში არ იყოს სუსი, განათლების პოლიტიკა, ადგილობრივი მმართველობა და ა.შ. ეს არის უნიკალური შანსი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში... მრავალპარტიული ხელისუფლება მოიტანს მეტ ანგარიშვალდებულებას, მეტ სამართლიანობას და სხვა ბევრ პრობლემასაც მოევლება“, - აღნიშნა კოტე ვეკუამ.

ამასთან, როგორც მან „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღების მიზანი იყო სწორედ ძალაუფლების გაძლიერება.

„ადრე, სავარაუდოდ, უფრო უადვილდებოდათ მართვა. ახლა შეატყვეს რომ უჭირთ და უნდათ რეპრესიები გაზარდონ, გამკრიტიკებელი არ ჰყავდეთ - თავისუფალი მედია და არასამთავრობოები გააქრონ და მარტო დარჩნენ ხალხთან; უნდათ, მოქალაქემ დაინახოს რომ მარტოა. მარტო დარჩენილი მოქალაქე კი, სისტემის წინააღმდეგ სულ დამარცხდება თუ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია“, - განაცხადა კოტე ვეკუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები