"ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გარდაქმნა" - ასე ეხმაურება კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მისაღებად ფინანსური გარანტიის წარდგენა მოუწევთ.
"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" კრიმინალურმა რეჟიმმა საქართველო არასანდო და მაღალი რისკის მქონე პარტნიორად აქცია. "ოცნებამ" ქვეყანა ჩინური გავლენის ვექტორად გარდაქმნა. თუ "ქართული ოცნება" კურსს არ შეცვლის, მსგავსი ზომები უფრო და უფრო საჭირო გახდება", - წერს ჯო უილსონი X-ზე.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა "სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა", საქართველოზეც გაავრცელა 49 სხვა ქვეყანასთან ერთად. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ბიზნესისა და ტურიზმის მიზნით B1 ან B2 კატეგორიის ვიზის მისაღებად 5 000-დან 15 000 დოლარამდე ფინანსური გარანტიის (ე.წ. ბონდის) წარდგენა მოუწევთ. ასეთ შემთხვევაში, ვიზები აშშ-ში ერთჯერად შესვლას უზრუნველყოფს, ვიზის გაცემიდან სამი თვის განმავლობაში, არაუმეტეს 30 დღის ვადით.




























