კორუფციის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” სვლას გააზრებულ სტრატეგიად აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია. მისი შეფასებით, მაღალი თანამდებობის პირების დაკავება კორუფციის ბრალდებით ერთის მხრივ ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე, თუმცა მეორეს მხრივ ამ პროცესს აქვს პოზიტიური მხარეც. “რეალურად ეს ძალიან ძლიერი გზავნილია ყველა სახელმწიფო მოხელისთვის”- ამბობს ქობულია და განმარტავს, რომ ქართულმა ოცნებამ იგრძნო, რომ კორუფცია შესაძლოა მათთვის დიდი პრობლემა გახდეს, განსაკუთრებით შემდეგი არჩევნებისთვის, ამიტომ ლოგიკურია, რომ მათ დღეს ჩათვალეს, რომ საუკეთესო დროა ამ მოვლენებს თვითონ დაუპირისპირდნენ.
“ასეთი მოვლენები, როგორც მაღალი თანამდებობის პირების დაკავებაა კორუფციაში ბრალდებით, ეს ერთი მხრივ ნეგატიურად აისახება ჩვენს იმიჯზე. რა თქმა უნდა ამას უყურებს საზოგადოება, ამას უყურებს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება და ამას უყურებს მოსახლეობა და ამას აქვს ნეგატიური გავლენა.
მეორე მხრივ, მე ამას ვუყურებ უფრო პოზიტიური მხრიდან, რაც ახლა ხდება. პოზიტივი არის ის, რომ რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს, ეს მაინც დღეს აღიქმება როგორც კორუფციასთან ბრძოლა.
მე მგონია, რომ რეალურად ეს ძალიან ძლიერი გზავნილია ყველა სახელმწიფო მოხელისთვის დღეს, რომლებიც ამ მოვლენებს უყურებენ. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, რომ თუ ვინმე კორუფციაში იქნება ჩაბმული, ნებისმიერ დროს ამაზე შეიძლება პასუხი აგებინონ, მიუხედავად იმისა, იქნებიან ისინი თუ არა გუნდის წევრები.
ის ხალხი, ვინც ახლა ამაში არის ჩაბმული და სახლში სხედან, ძალიან ღრმად დაფიქრდებიან იმაზე, თუ რასაც ახლა აკეთებენ, თუნდაც შეთანხმებით თავის გუნდთან, მოუწევთ თუ არა ამაზე პასუხისგება რამდენიმე ხანში. ამიტომ ამ მოვლენებს აქვს ნეგატიურიც და პოზიტიური მხარე, მაგრამ მეტად პოზიტიური გავლენა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე…
კორუფცია ყოველთვის იყო და არსებობდა, მაგრამ რაღაც მომენტში ამ კორუფციამ მოიმატა საკმაოდ. ამაზე უკვე ალაპარაკდა ძალიან ბევრი ხალხი, როგორც „ოცნების“ გარემოცვაში, აგრეთვე ზოგადად მოსახლეობაში და თვითონ „ქართულმა ოცნებამაც“ უკვე შეიგრძნო, რომ ეს შეიძლება გახდეს მათთვის დიდი პრობლემა, განსაკუთრებით შემდეგი არჩევნებისთვის. ამიტომ, მე მგონი აქ რაღაც თვალსაზრისით დაფიქრდნენ, რომ გამოუვალი მდგომარეობაა და იფიქრეს, ჯობია ჩვენ ახლა თვითონ დავარტყათ ამას, ვიდრე კიდე გავჭიმოთ ეს ამბავი და შეიძლება ეს თავისთავად გასკდეს იმ მომენტში, როდესაც უფრო ახლოს ვიქნებით არჩევნებთან და შეიძლება უფრო მოწყვლადები ვიყოთ.
ამიტომ დღეს „ქართული ოცნება“ ძალიან ძლიერია, მისი პოზიცია ძალიან ძლიერია მოსახლეობაში. ძალიან თავდაჯერებულები არიან და ამიტომაც თქვეს, რომ კი, ამით ჩვენ დარტყმას ვიღებთ ჩვენ თავზე, მაგრამ დღეს საუკეთესო მომენტია, რომ ამ დარტყმას ჩვენ გავუძლოთ და ჩვენ თვითონ დავუპირისპირდეთ ამ მოვლენებს, სანამ ეს მოვლენები დაგვიპირისპირდება ჩვენ არჩევნებისთვის. აი ეს არის”,-აცხადებს გიორგი ქობულია.




























