მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნებას“ 5 წელი დასჭირდა უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად - სასამართლოს გუშაგი

ნიკოლოზ მარსაგიშვილი
17.09.24 18:45
515

სასამართლოს გუშაგის განცხადებით, დღეს, 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ნიკოლოზ მარსაგიშვილი, 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, რითაც მმართველმა პარტიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევის პროცესი დაასრულა.

განცხადების თანახმად, მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში ეკატერინე გასიტაშვილის ადგილს დაიკავებს, რომელიც ვაკანტური მომავალ წელს გახდება. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მიმდინარე წლის მაისში - ვაკანსიის წარმოშობამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა.

"აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის ყოფნის პერიოდში სულ უფრო გაუარესდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. გარდა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან საჯარო ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა, მიმდინარე წლის აპრილში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ზეპირი მითითებით, დამკვირვებლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე შენობაში შესვლა აეკრძალათ. 2024 წლის ივლისიდან კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთოდ აკრძალა საბჭოს სხდომაზე დამკვირვებლების დასწრება.

მარსაგიშვილის არჩევით მმართველმა პარტიამ წერტილი დაუსვა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის სასურველი კადრებით დაკომპლექტების პროცესს, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ამდენად, 5 წელი დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.

ნიკოლოზ მარსაგიშვილს პროკურატურაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. როგორც მან თავადაც აღნიშნა, პროკურატურის სისტემაში მუშაობის დროს ის გავლენიანი მოსამართლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის თანამშრომელი იყო.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მარსაგიშვილი მოსამართლის თანამდებობას 2008 წლიდან იკავებს. სხვადასხვა დროს ის იყო გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2020 წლის 30 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად პირველი ვადით აირჩია, 2024 წლის 24 მარტში კი - მეორე ვადით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს 13 მოსამართლე აირჩია, 2021 წელს - 11, ხოლო 2024 წელს - 4",- წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები